დავით ზალკალიანი - გვაქვს იმედი, ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადეკვატურად იქნება ასახული

ქართული მხარე მიესალმება ბრიუსელის სამიტზე ალიანსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, განაახლოს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება. გვაქვს იმედი, რომ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადეკვატურად იქნება ასახული და მასში ჩამოყალიბდება ალიანსის მკაფიო და კონკრეტული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2021 წელი აღსანიშნავი იყო 14 ივნისს გამართული ნატო-ს სამიტითაც, რომლის დასასრულს მიღებულ კომუნიკეშიც საქართველოს მიმართ მრავალი მხარდამჭერი გზავნილი იქნა ასახული, მათ შორის მოხდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დადასტურება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და აღიარებულ იქნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის.

„ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, კომუნიკეს საქართველოსთან დაკავშირებულ პარაგრაფში გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომელშიც ასახულია მოკავშირეების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენული უფლებისადმი აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. უაღრესად მნიშვნელოვანია მოკავშირეების განცხადება ნატო-ს გაფართოების საკითხზე ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევის ანუ ვეტოს დაუშვებლობაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ავღანეთის ნატო-ს მისიის დასრულების შემდგომ ევაკუაციის პროცესში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე, რითაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ერთგულება და კიდევ ერთხელ დაიმსახურა მაღალი შეფასება.

„2021 წელს ავღანეთში დასრულდა ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ და ქართველმა კონტინგენტმა, ხანგრძლივი, რთული და გამოწვევებით სავსე სამხედრო მისიის შემდეგ დატოვა ავღანეთი და დაუბრუნდა სამშობლოს“, - თქვა მინისტრმა.

მისი განცხადებით, საქართველო, მისიის დასრულების შემდგომაც თანმიმდევრულად ედგა მხარში კოალიციურ ძალებს: მოკავშირეების თხოვნის საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოეწყო დროებითი რეგიონალური სატრანზიტო ჰაბი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა მოკავშირე ძალების სამხედრო აღჭურვილობის გამოტანა ავღანეთიდან და შემდეგ მათი გაგზავნა ნატო-ს წევრ ქვეყნებში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურებოდა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს - 15 აგვისტოდან დღემდე, ჯამში მოხდა 4500 პირის ევაკუაცია.

დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით წარმატების მისაღწევად სამომავლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ნატო-ში მიმდინარე 2030 სტრატეგიული ადაპტაციის პროცესში და ალიანსის მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიოდ ასახვა; ნატო-ს მომდევნო სამიტების, მათ შორის 2022 წლის საკვანძო სამიტის, დღის წესრიგში საქართველოს გაწევრიანების საკითხის ასახვა; ქვეყნის მოყვანა სრულ მზადყოფნაში ნატო-ს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისათვის; გაწევრიანებისკენ მიმავალი საგზაო რუკის შემუშავება, ალიანსთან შეთანხმება და რეალიზაცია; საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კიდევ უფრო მეტი ჩართულობა; შავი ზღვის რეგიონში ალიანსის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა; აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო