სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“ პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“ პრეზენტაცია გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მომზადდა 7 ვიდეოკლიპი - კვალიფიციური საგანმანათლებლო რესურსი (თვალსაჩინო ვიდეოები და განმარტებითი პრეზენტაციები). ვიდეოკლიპების მიზანია შეიქმნას ვირტუალური სივრცე, რომელიც მშობლის მხარდამჭერის როლს იტვირთებს და პასუხს გასცემს მათ კითხვებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის, ლაშა საღინაძის თქმით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი თსუ-ში 2017 წლიდან მოქმედებს. ამ ხნის განმავლობაში თსუ-ის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო და დაფინანსდა 600-ზე მეტი პროექტი.

„წარმატებებს ვუსურვებ პროექტის ავტორებს, ვიდეოკლიპები მშობლებს დაეხმარება, რომ უკეთ მიუდგნენ თავიანთ შვილებს და მეც სიამოვნებით მოვისმენ პროექტის ავტორების რეკომენდაციებს. წარმატებებს ვუსურვებ ასევე იმ კონკურსანტებს, რომლებიც მომავალში შემოიტანენ განაცხადს შესაბამისი საბჭოს სახელზე და მიიღებენ დაფინანსებას,“- აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

პროექტი „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“ თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. თსუ-ის პროფესორმა, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მზია წერეთელმა აღნიშნა, რომ ვიდეოკლიპები, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს ასახავს, უნიკალურია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ქართულ ენაზე შექმნილ პირველ სასწავლო ვიდეორესურსს სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, აკადემიური წრეებისთვისა და ფართო საზოგადოებისთვის.

„ამ სახის რესურსები არ გაგვაჩნია ქართულ ენაზე, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება მოკლებული იყო სიამოვნებას - საკუთარი თვალით ენახა ამ ტიპის ექსპერიმენტები და ბავშვის განვითარების თავისებურებები. ამასთანავე, უშუალოდ დარწმუნებულიყო, როგორია პროცესი და რაც მთავარია, გაცნობოდა ამ თავისებურებების შესახებ კვალიფიციურ ახსნას. იმედი მაქვს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩვენი ინსტიტუტი, ასევე დარგის სპეციალისტები ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ და მსგავსი ტიპის მრავალ რესურსს შექმნიან“, - განაცხადა მზია წერეთელმა.

პროექტის ავტორები არიან თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები ბაია კუბლაშვილი და თათა მაღლაკელიძე.

ბაია კუბლაშვილის თქმით, პროექტის შედეგად მიღებული მასალა ხელს შეუწყობს მშობლების ცნობიერების ამაღლებას შვილების საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებით. შექმნილი რესურსით ისარგებლებენ როგორც მშობლები, ისე ფსიქოლოგიისა და მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტები.

„ვიდეო რესურსები მომზადდა სწავლისა და განვითარების თეორეტიკოსების ცნობილი ექსპერიმენტების მიხედვით. ისინი მოერგო ქართულ რეალობას. ჩვენი სამიზნე აუდიტორია გახლავთ მასწავლებლები, ფსიქოლოგები, სტუდენტები და, რაც მთავარია, მშობლები. ჩვენი მიზანია, ქართული ვიდეორესურსების სახით, გავაზიაროთ ასაკობრივი განვითარების ის ძირითადი თავისებურებები, რომლითაც ბავშვებში განვითარების პროცესი ხასიათდება. ვიდეორესურსები სოციალურ ქსელში გავრცელდება, ასევე შეიქმნება პლატფორმა, სადაც მხარდაჭერას აღვუთქვამთ მშობლებს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას, როგორც წერილობით, ისე ვებინარების ფორმატით ვუპასუხებთ, “- აღნიშნა ბაია კუბლაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს