„საქპატენტი“ - „ნინოწმინდის თაფლს“, „ბოლნისს“, „სალხინოს ოჯალეშს“ და კიდევ 3 გეოგრაფიულ აღნიშვნას ევროკავშირის ტერიტორიაზე მომავალში შესაძლოა, დაცვა მიენიჭოს

"ნინოწმინდის თაფლს“, „ბოლნისს“, „სალხინოს ოჯალეშს“ და კიდევ სამ გეოგრაფიულ აღნიშვნას ევროკავშირის ტერიტორიაზე მომავალში, შესაძლოა, დაცვა მიენიჭოს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკავშირი-საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა. ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ „საქპატენტისა“ და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები.

„საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან განიხილა საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსთან და დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ექვსი ახალი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის, კერძოდ, ღვინის ხუთი ქართული დასახელების - „სალხინოს ოჯალეშის“, „წარაფის“, „ახმეტას“ (ახმეტის მწვანე), „ახოების“, „ბოლნისის“ და ასევე, „ნინოწმინდის თაფლის“ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაძლო დაცვის მინიჭების საკითხი, ამჟამად ევროკავშირში მიმდინარე შიდა პროცედურების სტატუსი.

ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, წარმოადგინეს ინფორმაცია ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსთან, დაცვასა და აღსრულებასთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირსა და საქართველოში ახალ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული შიდა პროცედურების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის შესახებ საკანონმდებლო და სტრატეგიული მიმართულებების სიახლეები.

საუბარი შეეხო ესტონურ ბაზარზე ევროკავშირის მხრიდან ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის - „სულგუნი“ უფლებების ეფექტიანად აღსრულების საკითხს, ასევე გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს. შეხვედრაზე ქვეკომიტეტის წევრებს გააცნეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - „TWINNING“ პროექტის შედეგები, რომლის ფარგლებში შეძენილი გამოცდილება და მიღებული ცოდნა არსებითად დაეხმარება საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებას. გარდა ამისა, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) გეოგრაფიული აღნიშვნების ექსპერტიზის ინსტრუმენტის „GI View“-ს ბაზაში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების წარმატებით ინტეგრაციის შესახებ.

ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი შექმნილია ასოცირების შეთანხმების 179-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც მონიტორინგს უწევს შეთანხმების განხორციელებას გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში და ასრულებს თანამშრომლობისა და დიალოგის ფორუმის ფუნქციას გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს