ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარულ სხდომების მუშაობაში მონაწილეობას უბრუნდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ფრაქციის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განმარტა, „ლელოს“ ბოიკოტი მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე ჰქონდა გამოცხადებული და მას შემდეგ, რაც ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.

„ფრაქცია „ლელოს“ ბოიკოტი გამოცხადებული ჰქონდა კონკრეტული საკითხიდან გამომდინარე. იმთავითვე, როდესაც ბოიკოტი გამოვაცხადეთ პირობა იყო, რომ უნდა მოხსნილიყო კონკრეტული საკითხი დღის წესრიგიდან. ეს საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის მოთავსება მისი ჯანმრთელობისთვის ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში, თუ ეს თემა მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავუბრუნდებოდით ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას. პარტია გააგრძელებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც მდგომარეობს ბევრი აქტუალური თემის ირგვლივ მუშაობაში. მათ შორის, პროპორციული არჩევნების მიღწევის საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, რაც არასაკმარისი, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიდეთ სამართლიან არჩევნებამდე“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე მოუწოდებს თუ არა ნაცვლიშვილი სხვა პარტიებს საპარლამენტო მუშაობის აღდგენისკენ მისი განცხადებით, პარლამენტისთვის ფუნქციის დაკარგვა ხელისუფლების ინტერესებშია, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველ გუნდს არ უნდა დაყვნენ.

,,ყველა პარტია თავად იღებს გადაწყვეტილებას, მე მგონია, რომ ყველა რესურსი, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნა ბოლომდე არის გამოსაყენებელი. ხელისუფლების ინტერესშია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტმა დაკარგოს თავისი ფუნქცია, ვფიქრობ ეს კარგად არის ოპოზიციის მხრიდან დასანახი. მგონია, მოცემულ ეტაპზე მათ არ უნდა დავყვეთ და საპარლამენტო პლატფორმა უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ქუჩის პროტესტი პარტიის თვითმიზანი არ არის და ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს ოპოზიციას საპარლამენტო დღის წესრიგი არ გააჩნია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

,,ქუჩის პროტესტი ჩვენთვის თვითმიზანი არ არის, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის უზრუნველყოფისთვის ეფექტიანი, საჭირო და ადეკვატური იქნება ქუჩის პროტესტი, ესეც არის ლეგიტიმური კანონიერი ფორმა პოლიტიკურ მუშაობაში, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნება ყველა ინსტრუმენტი, იმის მიხედვით რომელი იქნება ადეკვატური და ეფექტიანი. არის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან აჩვენონ, თითქოს ოპოზიციას დღის წესრიგი არ აქვს და ერთადერთი მიზანი არის დესტრუქციულობა, მინდა მოქალაქეებისთვის ნათელი იყოს, რომ ჩვენს დღის წესრიგს პარლამენტში ხელისუფლება ყოველდღიურად უწყობს საბოტაჟს. „ლელომ“ პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტი დააინიცირა, რომლებიც სისტემურ ცვლილებას ისახავს მიზნად და რამდენჯერმე გადადო პარლამენტმა, განხილვასაც კი არ იწყებს ამ კანონპროექტების. ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ ილუზიაში თითქოს დღის წესრიგი არ გვაქვს პარლამენტში“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობა 2 ნოემბერს შეწყვიტა. მათი განმარტებით, ფრაქციის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდებოდა და იქამდე არ აღადგენდნენ საპარლამენტო მუშაობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადეკვატურად არ იქნებოდა დაცული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო