ნიკოლოზ ყიფშიძე - საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გავაგრძელოთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება შეიძლება გახდეს საჭირო.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს.

„მთხოვა ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს დავუკავშირდე, ეს არის ალტერნატიული კომისია, რომელსაც პრეზიდენტი სთხოვს, რომ მოვიდეს ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ ეს სიტუაცია გაიარონ. მე მგონია, რომ საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რომ მისი მკურნალობა გავაგრძელოთ. მადლობას უხდის ჰოსპიტლის თანამშრომლებს, მთავარ ექიმს, მკურნალ, ექიმს და ა.შ. დიდი განსხვავებაა ამასა და გლდანს შორს, მაგრამ საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა“, - განაცხადა ყიფშიძემ.

მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ისეთივე ფანჯარა სურდა, როგორიც გლდანის ციხეში ჰქონდა, რასაც მცირედი გართულება მოჰყვა. თუმცა, ყიფშიძის თქმით, მას პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.

„დღეს მე შევხვდი ბადრაგს, ჰოსპიტლის ადმინისტრაციას, შემდეგ ყველა ერთად შევედით ბატონ პრეზიდენტთან, ეს ამბავი მგონი დამთავრდა და მგონი ასეთი ინციდენტები აღარ იქნება. მოგახსენებთ, რომ ახლა ფანჯარა ნორმალურია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ისეთი ფანჯრის დაყენება უნდოდა, როგორიც გლდანის ციხეში ჰქონდა, რომელიც დაახლოებით 1 სმ-ით იხსნება, იმის გამო, რომ პრეზიდენტი ვერ დადის და ვერ გადაადგილდება, მზის სხივები, სინათლე სჭირდება, ამაზე იყო დიდი გართულებები, მაგრამ ეს პრობლემა გადაწყდა“,-განაცხადა ყიფშიძემ.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, შეიძლება საზღვარგარეთიდან სპეციალისტები ჩაერთონ.

„საფრთხეები კიდევ არსებობს, ვერ გეტყვით, რომ საფრთხემ ჩაიარა და ყველაფერი კარგად არის. უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ და რა იქნება“,-განაცხადა ყიფშიძემ.

მან აღნიშნა , რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილს მისი ადვოკატები და რამდენიმე დეპუტატი მოინახულებს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია