ვატო შაქარიშვილი - მივესალმები პრემიერის ინიციატივას ონლაინ აზარტული თამაშების შემზღუდავი რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით

მივესალმები პრემიერის ინიციატივას ონლაინ აზარტული თამაშების შემზღუდავი რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ონლაინ აზარტულ თამაშებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა და უკონტროლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია, ქვეყანაში ურთულესი სოციალური მდგომარეობის ფონზე განსაკუთრებულად მძიმე პრობლემაა.

„ამ ყველაფერმა შეიწირა არაერთი ადამიანის სიცოცხლე, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დაანგრია ოჯახები და უამრავ ახალგაზრდას წაართვა მომავლის პერსპექტივა.

აზარტული თამაშების და ნარკომანიისგან მომავალი საფრთხეების წინაშე სრულიად დაუცველი არიან მოწყვლადი ჯგუფები. მძიმე სოციალური გარემო, საჯარო სივრცესა და ყველა სახის მედიაში აზარტული თამაშების რეკლამები, ასევე მარტივი ხელმისაწვდომობა სულ უფრო მეტ ადამიანს ხდის მათზე დამოკიდებულს. წარმოუდგენელ თანხებს აღწევს აღნიშნულ სფეროში ჩართული კომპანიების ბრუნვა, რომელთა უმრავლესობაც სრულად ან ნაწილობრივ უცხოურია, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი მოსახლეობისგან ამოღებული ფული გაედინება საზღვარგარეთ და საქართველოს ბიუჯეტში შედის მხოლოდ მცირე ნაწილი, დაბალი გადასახადების სახით.

სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად წლები ვიმუშავე აღნიშნულ საკითხზე, მოვამზადეთ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, გავმართეთ არაერთი პრესკონფერენცია და საჯარო განხილვა, საკითხის აქტუალიზაციის მიზნით ჩავატარეთ მშვიდობიანი აქციებიც. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩემი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, აზარტულ თამაშებზე რეგულაციების დაწესება და სააფთიაქო ნარკომანიაზე კონტროლის გამკაცრება იყო.

მოხარული ვარ, რომ საზოგადოების აქტიურმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლების უმაღლეს დონეზე, პირადად ირაკლი ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ყურადღებით დავაკვირდები აღსრულების პროცესს და აქვე მზადყოფნას გამოვთქვამ, მონაწილეობა მივიღო ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც ამ მიზნის დროულად მიღწევას მოემსახურება”,- აღნიშნავს შაქარიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა