ლევან დავითაშვილი - მთავრობის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების წახალისებაა და არა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა და ეკონომია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრის სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ დღევანდელ ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების წახალისებაა და არა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა და ეკონომია.

„პრემიერ-მინისტრმაც გააჟღერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წავახალისოთ შრომა, რათა მეტი კეთილდღეობა მიიღონ ოჯახებმა და არა პირიქით, ეს ადამიანები სტაბილურობის შენარჩუნების გამო უფრთხოდნენ შემოთავაზებებს და სამუშაო პროცესებში ჩართვას. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენი მიზანი არაა საბიუჯეტო ხარჯების ეკონომიის გაკეთება, ეს არ არის ამოსავალი. ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, დღის განმავლობაში იყო ბევრი კითხვა და ხშირ შემთხვევაში საჭიროა მეტი განმარტება, რომ ჩვენ ერთი მხრივ ვუნარჩუნებთ ადამიანებს ამ შემოსავალს, მაგრამ დამატებით ვაჩენთ დამატებით შესაძლებლობებს, რომ მათ მიიღონ შემოსავალი სხვადასხვა სამუშაოს შესრულებით. ეს იქნება მოკლევადიანი, გრძელვადიანი, სეზონური და ა.შ. იმისთვის, რომ ერთის მხრივ მეტი შემოსავალი ჰქონდეთ ამ ოჯახებს, მეორეს მხრივ მათ მიიღონ გარკვეული კვალიფიკაცია და მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც გადადგამენ პირველ ნაბიჯს, ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში, დაინახავენ კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებას, რაც პროცესის ნაწილი უნდა იყოს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესში ჩართული იქნება განათლების სამინისტრო პროფესიული განათლებით, გათვალისწინებული იქნება გარკვეული ტრენინგები, რათა ადამიანებს ქონდეთ სამუშაოს შესაბამისი კვალიფიკაცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა