„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობისთვის გათავისუფლების მომხრე იმ შემთხვევაში იქნება, თუ ექიმები ამის შესახებ დასკვნას და დროებითი გათავისუფლების აუცილებლობას დაადასტურებენ.
როგორც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ამბობს, მსგავს საკითხში უპირატესი ექიმების აზრი უნდა იყოს და ამას პოლიტიკოსები არ უნდა წყვეტდნენ.
„როგორც არა მარტო პოლიტიკოსისთვის, არამედ ადამიანისთვის, ვინც ცდილობს შეხედოს სიტუაციას და გაიგოს რა არის აქ სწორი და როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, მივიჩნევ, რომ ყველაზე მართებულია ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც არის აპრობირებული წესიერ ქვეყანაში, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად იქნას განხილული ეს საკითხი, თუ სამედიცინო ექსპერტიზა იტყვის, რომ ხსენებული მსჯავრდებულის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ასეთი პრაქტიკა არის სწორი, მაშინ, რა თქმა უნდა, ასე უნდა მოხდეს ისევე, როგორც ნებისმიერის შემთხვევაში უნდა მოხდეს. ხდება ხოლმე ასე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ახლა არავის არ გამოუგონია. ასეთი პრაქტიკა არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ კითხვას პოლიტიკოსი ვერ უპასუხებს, ვინც ყოველ შემთხვევაში ექიმი არ არის. აქ, ამ ქვეყანაში ყველაფერი პოლიტიკურია იმიტომ, რომ გავერანებული სექტა, გაჯიუტებული ბავშვები მართავენ ქვეყანას, თორემ ექიმის აზრი უნდა იყოს უპირატესი“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.