თინა ხიდაშელი სააკაშვილზე - უცხოელი მოსამართლეების მოწვევას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადება კანონით შესაძლებელია

დიახ, ჩვენი კანონი ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კონკრეტული პატიმრის მდგომარეობა არის თუ არა შესაბამისი იმ პირობების, როდესაც გადავადება უნდა მოხდეს, ეს უნდა დაადგინოს კვალიფიციურმა ექსპერტიზამ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ექსპერტიზა უნდა დაინიშოს ყველასთვის სანდო, მათ შორის საერთაშორისო შემადგენლობით.

თინა ხიდაშელის თქმით, „მორიგი დრამის ასაცილებლად“, ადვოკატთან და პირად ექიმთან თანამშრომლობით უნდა შეირჩეს ექპერტიზის ისეთი გუნდი, რომელსაც ყველა მხარე წინასწარ განუცხადებს ნდობას.

„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთ-ერთი პირველი იმ ჩამონათვალში, რომელშიც საერთაშორისო კონვენციები ითვალისწინებს. იმისთვის, რომ დადგინდეს ამა თუ იმ პატიმარს უნდა გადაუვადდეს თუ არა ამ მიზეზით სასჯელის მოხდა, ამისთვის არსებობს პროცედურები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სამედიცნო პრობლემების შემთხვევაში შესაბამისი ექსპერტიზა. ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაყვანა- არგადაყვანაზე და გაწელილი 50-დღიანი დრამის მორიგი სერიის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლებას გაკვეთილი უნდა ესწავლა და რაც შეიძლება სწრაფად თავად გაუკეთოს ინიცირება ასეთი ექსპერტიზის დანიშვნას. ამას არ სჭირდება არაფერი სირთულე, ექსპერტიზა უნდა დაინიშოს ყველასთვის სანდო, მათ შორის საერთაშორისო შემადგენლობით, ეს სრულად შესაძლებელი და კანონიერია. მოთხოვნა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით გასაგებია, კანონი ასეთ რამეს ითვალისწინებს, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რომ გასცეს პასუხი. ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი პასუხი იქნება, რაც შეიძლება სწრაფად მორიგი დრამის ასაცილებლად ადვოკატთან და პირად ექიმთან თანამშრომლობის რეჟიმში შეირჩეს ისეთი ექსპერტიზის გუნდი, რომლის მიმართაც ყველა მხარე წინასწარ განაცხადებს ნდობას“ , - განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, ვინ უნდა გაასამართლოს მიხეილ სააკაშვილი და უნდა იყოს თუ არა ეს ქართული სასამართლო, ხიდაშელი პასუხობს, რომ სააკაშვილი ქართულ სასამართლოს უკვე გასამართლებული ჰყავს და განაჩენიც გამოტანილია. მისივე თქმით, სააკაშვილს ყოველთვის შეუძლია და მანამდეც შეეძლო, რომ მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და გაასაჩივროს.

რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ შესაძლებელია სააკაშვილის საქმეზე მოხდეს უცხოელი მოსამართლების მოწვევა, თინა ხიდაშელის თქმით, ასეთი პროცედურა საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს.

„საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს სპეციალურის სასამართლოების შექმნას. თავისთავად თუ ასეთი პოლიტიკური შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, კონსტიტუციაშიც შეიძლება ცვლილებები შევიდეს და ზოგადად სამართლებრივი ნორმები შესაბამისობაში მოვიდეს პოლიტიკურ შეთანხმებასთან, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ ასეთი პოლიტიკური შეთანხმება შედგეს. ასეთ „ქეისებთან“ დაკავშირებით მსოფლიო პრაქტიკაში არავითარი განსხვავებული მექანიზმები არ არსებობს. ბევრი უშვებს შეცდომას, როდესაც მოყავთ საერთაშორისო უცხო ქვეყნებისთვის შექმნილი სპეციალური საერთაშორისო სასამართლოების მაგალითები. ეს სასამართლოები ყოველთვის იქმნებოდა აბსოლუტურად ყველა შემთვევაში გამონაკლისის გარდა, როდესაც საქმე მიმდინარეობდა ომის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირებს ასამართლებდნენ კაცობრიობის წინააღდმეგ ჰუმანიზმის დანაშაულებებისთვის. ჩვენ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებებთან“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს