ზურაბ ბატიაშვილი „ოცნების“ წევრების სტრასბურგში ვიზიტზე - დასავლეთში „ქართულ ოცნებას“ “ყვითელი ბარათი“ აჩვენეს, შემდეგზე უკვე „წითელი ბარათი“ იქნება

შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთში „ქართულ ოცნებას“ “ყვითელი ბარათი“ აჩვენეს და შემდეგზე უკვე „წითელი ბარათი“ იქნება, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების სტრასბურგში ვიზიტსა და დემოკრატიის ფორუმზე სალომე ზურაბიშვილის დასწრებას.

ანალიტიკოსის შეფასებით, სტრასბურგში ვიზიტისას „ქართული ოცნებას“ მცდელობა ექნება თავი ისევ წარმოაჩინოს „დემოკრატიის მედროშედ“, თუმცა მისივე განმარტებით, დასავლეთში ეს ბევრს აღარ სჯერა და მწვავე შეფასებებიც იქნება, მათ შორის, ორმხრივ შეხვედრებზე და დახურულ კარს მიღმაც.

„დღეს საქართველოში სიტუაცია იმგვარია, რომ დემოკრატიის ხარისხზე, ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, მედიაზე მიტანილ შეტევაზე თვალს ვერავინ დახუჭავს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტისას ძალზედ მწვავე შეფასებები იქნება“, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

მისი თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც ვიზიტით იმყოფებიან სტრასბურგში, თავის გამართლებისთვის სერიოზული არგუმენტი ნაკლებად ექნებათ.

„სერიოზული არგუმენტი ნაკლებად ექნებათ, მაგრამ ისინი როგორც ხშირად აკეთებენ, შეეცდებიან თვალში ნაცარი შეაყარონ და თქვან, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, იქნება კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები შეფასებისას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უკვე აღარ გამოდის, იმიტომ, რომ ყველა ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, 21-ე საუკუნეში ინფორმაცია არ იმალება და ვერავინ დამალავს იმას რაც მოხდა - არჩევნები, რომელიც ხელის გადაგრეხვით ჩაატარეს და რომელშიც დარღვეული იყო ყველაფერი, თუ რაიმეს დარღვევა შეიძლებოდა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს - მოსყიდვები და 50 ლარად ღირებული ხმები, ცხადია, ვერ დაიმალება. ამიტომ, რა არგუმენტიც არ უნდა მოიტანონ ნაკლებად სარწმუნო იქნება დასავლეთისთვის“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის რეპუტაციაზე გავლენას ახდენს, როგორც ჩატარებული არჩევნების, ისე მესამე პრეზიდენტთან მიმართებით არსებული ფაქტორი. ბატიაშვილის განმარტებით, რეპუტაციის გამოსწორების მხრივ „ქართულ ოცნებას“ ქმედებებში დააგვიანდა“.

„რეპუტაცია რაც გაქვს არ უნდა შეგელახოს და მასზე გაფუჭებამდე უნდა იფიქრო. მერე როდესაც გააფუჭებ და ამბობ, რომ მე კარგი რეპუტაციის მქონე ვარო, ეს უკვე სარწმუნო აღარ ხდება. დააგვიანდა ქმედებებში. ამავე დროს, დემოკრატიის ფორუმზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად გზავნიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რაზეც პირდაპირი მოწვევა არ მიიღო პრემიერ-მინისტრმა, მას ამ ფორუმზე ჩართვა უნდა ჰქონოდა, ესეც იმის მანიშნებელია, რომ დასავლეთში ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენს „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელმძღვანელობა. შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ „ყვითელი ბარათი“ აჩვენეს და შემდეგზე უკვე „წითელი ბარათი“ იქნება“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრებზე საუბარი „ალბათ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხება, თუმცა მათი მთავარი ამოცანაა, პარტნიორებამდე ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული გზავნილები მიიტანონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო