აფბა - 65 წელს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლის დაზღვევა არ ხდება, რაც მათთვის საკრედიტო პროდუქტებს აძვირებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 65 წელს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლის დაზღვევა არ ხდება, რაც მათთვის საკრედიტო პროდუქტებს აძვირებს.

მათივე ცნობით, სიცოცხლის დაზღვევას მხოლოდ 65 წლის ასაკამდე პირი ექვემდებარება.

აფბა-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„აფბა აქტიურად სწავლობს საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლებისა და მასთან დაკავშირებული საპენსიო სესხების საკითხს. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ მიზანშეწონილად მიიჩნია ამ ასაკობრივ სეგმენტში სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის ხელმისაწვდომობის საკითხის შესწავლა. ხაზგასასმელია, რომ დაზღვევის კომპონენტი, მისი ოდენობა და საერთოდ, ამ პროდუქტის არსებობა-არარსებობის თემა, ხშირად ხდება საკითხთან დაკავშირებული პოლემიკის საგანი.

სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის მოკვლევის მიზნით, აფბამ შესაბამისი კითხვით მიმართა ბაზარზე არსებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. როგორც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამოიკვეთა, სიცოცხლის დაზღვევას ექვემდებარება დაზღვევის მომენტისათვის 65 წლის ასაკამდე პირი, ხოლო 65 წელზე უფროსი ადამიანისთვის აღნიშნული პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის.

სადაზღვევო კომპანიების განმარტებით, ასაკობრივ შეზღუდვას განაპირობებს სადაზღვევო ლიმიტი და გადამზღვეველთან შეთანხმებული ასაკი. ასევე, სტატისტიკური მონაცემების და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ გარკვეული ასაკის (ეს ზღვარი 65 წელია) ზევით პიროვნების დაზღვევაზე. სადაზღვევო კომპანიების განმარტებით, ასაკის მატებასთან ერთად იმდენად მაღალია სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის ღირებულება, რომ ასაკოვანი მოქალაქისთვის მისი შეძენა აზრს მოკლებულია.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ შეფასებით, ეს ფაქტი განსაკუთრებით საგულისხმო და დამაფიქრებელია იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკობრივ სეგმენტში სიცოცხლის დაზღვევის არარსებობა ართულებს მათთვის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას და ამავადროულად, საგრძნობლად უძვირებს მათ საკრედიტო პროდუქტებს.

როგორც აღმოჩნდა, მიმდიანრე მომენტისთვის, ერთი მხრივ, სადაზღვევო ბაზარზე 65 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის უბრალოდ არ არსებობს სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტი, ხოლო მეორე მხრივ არც სახელმწიფოს მხრიდან ხდება სიცოცხლის დაზღვევის რისკის გაზიარება. ამ რეალობაში, ბუნებრივია, ნებისმიერი კომერციული ბანკისთვის იზრდება უფროსი თაობის ადამიანებზე პოტენციურად გასაცემი სესხების რისკი, რაც თავისთავად განაპირობებს საპროცენტო განაკვეთის ზრდას.

აფბა-ს მიაჩნია, რომ 65 წელს ზევით ასაკობრივი სეგმენტისთვის სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის ხელმისაწვდომობის პრობლემა სერიოზული გამოწვევაა, რომლის დაძლევასაც სადაზღვევო ბაზრის ფიგურანტების და მთლიანად მთავრობის მხრიდან, ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა ესაჭიროება. მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ის შესაძლებლობები, რომელთა ამოქმედება 65 წელს გადაცილებული ასაკობრივი კატეგორიისთვის მოქალაქეებისთვის ამ პროდუქტის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს