პარლამენტის ორ კომიტეტში მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს განიხილავენ

25 ნოემბერს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ჯანდაცვისა კომიტეტებში მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარლამენტის კომიტეტების უმრავლესობა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას არ აპირებს, იმის მიუხედავად, რომ მათ მიერ საკომიტეტო სხდომის მოწვევა და საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა ბიუროზე წარდგენილ და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ გრაფიკშია ასახული. როგორც კომიტეტებში ამასთან დაკავშირებით განმარტავენ, მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები მათ პროფილურ სამინისტროებს არ ეხება და ამიტომ ცვლილებებს, რა მიმართულებითაც ის ხორციელდება, შესაბამისი დარგობრივი კომიტეტები განიხილავენ.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება და 6 468,9 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 376,0 მლნ ლარით არის გაზრდილი. აღნიშნული ზრდა მთლიანად პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას წარმოადგენს, რაც მოიცავს საწოლების მობილიზებას, ინფიცირებულთა მკურნალობას, ტესტირების ხარჯებს და პანდემიის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალის დანამატების ანაზღაურებას, ასევე ვაქცინაციის მოცვის გაზრდისთვის წამახალისებელი პროგრამის დაფინანსებას (60 წლის და მეტი ასაკის პირთა ანაზღაურება ვაქცინაციის შემთხვევაში) აღსანიშნავია, რომ დამატებით გამოყოფილი თანხიდან 250,0 მლნ ლარამდე არის უკვე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება.

გარდა ამისა, 60.0 მლნ ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები და 990.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. ზრდა გათვალისწინებულია თავდაცვის უწყებაში წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს და კომიტეტის მხრიდან 100,0 მლნ ლარამდე თანხის დამატების მოთხოვნა დაყენებული იყო ივლისში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების დროსაც, თუმცა იმ პერიოდში არსებული ფისკალური რესურსის გათვალისწინებით, მხოლოდ 30,0 მლნ ლარი დაემატა.

ამავე ცვლილებებით, საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები მცირდება 12,0 მლნ ლარით. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, ახალი შენობის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის ათვისება მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ მოხდება და შესაბამისად, შესაძლებელია აღნიშნული თანხის შემცირება.

ძირითადად სავალუტო კურსების და სპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად სახელმწიფო ვალების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ჯამში მცირდება 85,0 მლნ ლარით, მათ შორის: - საშინაო ვალის მომსახურება მცირდება - 20,0 მლნ ლარით; საგარეო ვალის მომსახურება მცირდება 50,0 მლნ ლარით და საგარე ვალის დაფარვა მცირდება 15,0 მლნ ლარით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა