ეკა ბესელია - "ქართულმა ოცნებამ" აბსოლუტურად დახურა სარკმელი და ნინო ლომჯარიას, ლონდა თოლორაიას და სალომე ზურაბიშვილის სახით მბჟუტავი ენერგია გამოჩნდა - მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა გაბედული ნაბიჯი გადადგას, უფრო უნიკალური მომენტი არ იქნება

მიხარია, რომ ამ რთულ, არადემოკრატიულ მართვის პირობებში ნინო ლომჯარიას, ლონდა თოლორაიას და სალომე ზურაბიშვილის სახით რამდენიმე სინათლე გამოჩნდა და სულ ველოდები პრეზიდენტის მხრიდან კიდევ უფრო ძლიერ ნაბიჯებს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ „პოლიტიკური დრამის“ ვითარებაში, როდესაც უკიდურესად გამოფიტულია პოლიტიკური სივრცე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებმა გადადგან ახლა გაბედული ნაბიჯი, ვისაც ეს კონსტიტუციური ბერკეტი ხელთ აქვთ და პირველ რიგში, ბესელიას თქმით, ეს ადამიანი პრეზიდენტია.

პოლიტიკოსმა აქვე განმარტა, რომ პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოზიციებს შორის რეალურად არსებული განსხვავებების მასშტაბი გარეგნულად ჯერ კიდევ არ ჩანს.

„თუ ვინმეს შეუძლია ახლა პოლიტიკურ პროცესში მედიაცია აიღოს თავის თავზე, მას შეუძლია ეს და მისი როლი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა, რომ ეს შანსი გამოიყენოს პრეზიდენტმა.

უფრო მეტად განსხვავებულია პოზიციები პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის, ვიდრე გარედან ჩანს, ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ, იმიტომ, რომ ვიცი და მინდა, რომ ის გამოჩნდეს ისე, როგორც სინამდვილეში არის. ბევრად უფრო განსხვავებულია ეს პოზიციები და კარგია, რომ განსხვავებულია. სამწუხაროდ, ივანიშვილი იმ გზით წავიდა, რა გზითაც წინა ხელისუფლება. ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" აბსოლუტურად დახურეს სარკმელი და ახლა მბჟუტავი ენერგიები გამოჩნდა. ძლიერია ომბუდსმენის ინსტიტუტი, ჯერ არ ჩანს პრეზიდენტის ძლიერი მანდატი, მაგრამ აქვს მას ეს რესურსი და ისე როგორც არასდროს, ახლა ამ ვითარებაში, პოლიტიკური დრამისა და უკიდურესად გამოფიტული პოლიტიკურ ვითარების პირობებში, ისეთი მნიშვნელოვანია ახლა, რომ გაბედული ნაბიჯი იმ ადამიანებმა გადადგან, ვისაც ეს კონსტიტუციური ბერკეტი ხელთ აქვთ, უფრო უნიკალური მომენტი არ იქნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე განმარტებით, იმედისმომცემია ომბუდსმენის მუშაობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გააქტიურება, რაც, ეკა ბესელიას თქმით, იმას ნიშნავს, რომ მალე კობახიძე ლონდა თოლორაიას ზუსტად ისე დაესხმება თავს, როგორც ამას ნინო ლომჯარიას შემთხვევაში აკეთებს.

„მე განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ სახალხო დამცველის ინსტიტუტს. ახლა რომ ამდენი არ ესმის „ქართულ ოცნებას“, რომ მის მიერ არჩეულ სახალხო დამცველს, კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელს, ასე ღიად არ ებრძოლოს, ამდენი რომ არ ესმის კობახიძეს, რომელიც კონსტიტუციონალისტობაზე დებს თავს, რომელიც ამბობს, რომ მან იცის თურმე ადამიანის უფლებები და ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციურ ორგანოს წარმომადგენელს ღიად უპირისპირდება, ძნელია მას ესაუბრო უფრო მაღალ მატერიებზე.

ქვეყანაში მთავარი სასიცოცხლო მაჩვენებლები: სად ვართ ჩვენ - რამდენიმე რამით შეიძლება გაიზომოს და მთავარი რითიც იზომება, მართლმსაჯულება რომ არ გვაქვს მერე რჩება უკვე სხვა გარე მეთვალყურეები, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორი მაგალითად. ძალიან მიხარია, რომ მოვასწარით და მაშინ შევქმენით ეს მექანიზმი და ახლა გამოჩნდა, რომ ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ჩვენ უფრო ძლიერად დავინახავთ მის მანდატს და ცოტა ხანში კობახიძე ლონდა თოლორაიას ზუსტად ისე დაესხმება თავს, როგორც ახლა ესხმის სახალხო დამცველს და კარგი სახალხო დამცველია ლომჯარია, რომელიც გრძნობს, რომ სააკაშვილის საქმით ქვეყნის რეპუტაციული და იმიჯის ერთგვარი გაზომვა ხდება, იმიტომ, რომ შემოწმების ერთგვარ ფილტრს გადის სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი ორგანოები. როდესაც ასეთი უხერხულობა იქმნება ქვეყანაში, რომ საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს დასჭირდა დრამების მთელი სერიალი და ბოლოს ეს ისევ დიდი ძალისხმევით მოხდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, ამ დროს ღმერთმა ნუ ქნას, რომ სახალხო დამცველსაც კი არ ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ იდგეს ისე პრინციპულად, როგორც დადგა ნინო ლომჯარია“, - განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა