მიხეილ სააკაშვილი - უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა - საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილს ავრცელებს.

წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელდება, ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ არ ეშინია თავისუფლად და საჯაროდ წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ქართველი ხალხის თვალწინ დაიცვას საკუთარი სიმართლე.

სააკაშვილის აზრით, უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკურ ხაზს და მეორე მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.

ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ საკუთარ თავს არ ხედავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნათელია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია და ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად.

"დიდი მადლობა ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის. პუტინი, ივანიშვილის ხელით, ყველაფერს იზამს ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციისთვის, ამაში დარწმუნებული ვარ. რომ არა თქვენი მრავალრიცხოვანი აქციები, ნინო ლომჯარიას გამბედაობა და კომპეტენტურობა, რომ არა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნება ქვეყნის დასავლური ორიენტაციის დაცვის მიმართულებით, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, არაფერი გამოვიდოდა.

ჩემი მძევლობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სრულად აკრძალვით, ყველა ჩემი კანონიერი უფლების მიზანმიმართული დარღვევის გზით, მე არ მეძლევა არანაირი შესაძლებლობა, ჩავერთო ქართველი ხალხის გადამწყვეტ ბრძოლაში ბნელი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

ივანიშვილის სასამართლოში ნულოვანია ჩემი შანსი, ვიპოვნო სამართალი. ივანიშვილს რომ მართლა სურდეს ჩემი გასამართლება სამართლიანობის აღდგენის მოტივით, იგი დათანხმდებოდა ჩემს მიერ შეთავაზებული მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს შესახებ. კვლავ ვიმეორებ ამ შეთავაზებას და ვაცხადებ, რომ მე, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ მეშინია თავისუფლად და საჯაროდ წარვსდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ქართველი ხალხის თვალწინ დავიცვა ჩემი სიმართლე და გავიმარჯვო.

მიუხედავად ამისა, უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მომცენ და დამასწრონ ჩემს პროცესებს, სადაც დაველაპარაკები ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს.

სავსებით ნათელია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია. რაც უფრო გამბედავები და დაუღალავები ვიქნებით, მით უფრო მივუახლოვდებით ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას, რაც მოიტანს არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველა უკანონოდ დევნილის თავისუფლებას.

რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკურ ხაზს და მეორე მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.

შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს.

ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა", - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს