მიხეილ დაუშვილი - მოსამართლეების არჩევამდე ჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაა საჭირო, ეს იყო პარტნიორების მოწოდებაც, რომელიც „ოცნებამ" უკვე მერამდენედ გვერდზე გადადო და არ გაითვალისწინა

მოსამართლეების არჩევამდე ჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაა საჭირო, ეს იყო პარტნიორების მოწოდებაც, რომელიც „ოცნებამ" უკვე მერამდენედ გვერდზე გადადო და არ გაითვალისწინა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად პროცესში მონაწილეობისა, ისინი წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ.

„რეალურად, ეს არის მახინჯი და მანკიერი პროცესის გაგრძელება, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ცალსახად, არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებაა, მოცემულობაა, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია ჯერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელდეს ძირეული რეფორმები, რომ ძალაუფლების დეკონცენტრაცია, დაბალანსება მოხდეს და ამის შემდეგ გაგრძელდეს პროცესი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. ეს იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებაც და უკვე მერამდენედ „ოცნებამ“ გვერდით გადადო და არ გაითვალისწინა არც მათი მოსაზრება, არც მოქალაქეების საჭიროებები. ჩვენ ამ პროცესში ვმონაწილეობთ იმიტომ, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ამ პროცესის მანკიერი სახეები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ არა მათი პიროვნული თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გამო, არამედ იმიტომ, რომ თავად პროცესია მანკიერი და ეწინააღმდეგება ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს",- განაცხადა დაუშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. კომიტეტზე დღეს უკვე მოუსმინეს გენადი მაკარიძეს, ახლა კი მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის თამარ ოქროპირიძის მოსმენა მიმდინარეობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა