ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვიცი ამაოა, მაგრამ მაინც ვურჩევდი მთავრობას - ნუ იქნებით სულსწრაფები, პოპულისტები, შეიმუშავეთ ხანგრძლივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა

ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს იგი, არამედ იმაზე, როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე თვალჭრელიძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, ჯერ არც ერთ სამთავრობო ადმინისტრაციას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მდგრადი, ხანგრძლივი და მეცნიერულად დასაბუთებული გეგმა არ შეუმუშავებია.

„30 წელია დამოუკიდებელი ვართ და ჯერ არც ერთ სამთავრობო ადმინისტრაციას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მდგრადი, ხანგრძლივი, მეცნიერულად დასაბუთებული, სწორედ გათვლილი გეგმა არ შეუმუშავებია. სულაც არ მინდა ვთქვა, რომ არაფერი გაკეთებულა. პირიქით, ყველა სამთავრობო ადმინისტრაციამ თავისი წვლილი შეიტანა. შევარდნაძის მთავრობამ ლარი შემოიღო და ჰიპერინფლაცია დაძლია, ასევე, საბაზრო ეკონომიკის ჩანასახი პრინციპები დანერგა, დაიწყო პრივატიზაცია. სააკაშვილის მთავრობამ ენერგეტიკული კრიზისი დაძლია და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები წამოიწყო, რომლებიც ახლა სწრაფად ვითარდება. „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციამ სოფლის მეურნეობა გაათანამედროვა და უმნიშვნელოვანესი პროექტი „აწარმოე საქართველოში“ შემოგვთავაზა, არ გეგონოთ, რომ ეს გზა ვარდებით იყო მოფენილი. ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და საუბედუროდ, ეს შეცდომები დღესაც არ არის აღმოფხვრილი. ამიტომ, მთავრობის გეგმებზე ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდეთ-ძალიან კარგია სექტორული ეკონომიკის განვითარება, ძალიან კარგია რეგიონების განვითარება, ძალიან კარგია 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. სხვათა შორის, ჩვენ მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის პირობებიც გვსმენია, მაგრამ ნახეთ, რაზეა საუბარი - მინისტრები და უმრავლესობის პარლამენტარები ასეთ რამეს ამბობენ: ჩვენ ვიხდით 200 - ლარიან შემწეობას, ხომ კარგია, თუ ბენეფიციარი 300 ლარიან ხელფასს მიიღებს? არა, ბატონებო, ძალიან ცუდია. ასე ჩვენ სიღარიბეზე განწირული ვიქნებით და ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ვერასდროს შეესწრება ცხოვრების ღირსეულ პირობებს, ვერც ამ საუკუნეში ვეღირსებით ევროპასთან შერწყმას. მეორე, ჩვენ მოვისმინეთ ლოზუნგები, ითქვა, რომ ფული გამოყოფილია და დაიხარჯება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ფულის ხარჯვა ჭკუით და უჭკუოდაც შეიძლება. მთავარი ის არის, რაზე დაიხარჯება ფული“,-აცხადებს თვალჭრელიძე.

ის ხელისუფლებას ურჩევს, ქვეყნის ხანგრძლივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა შეიმუშავოს და მმართველი გუნდის წევრები პოპულისტები არ იყვნენ. როგორც ალექსანდრე თვალჭრელიძე აღნიშნავს, იმისთვის, რომ საქართველო რეგიონული ენერგეტიკული და ეკონომიკური ჰაბი გახდეს, სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს ქვეყნის ეკონომიკური კანონმდებლობა.

„ვიცი ამაოა, მაგრამ მაინც ერთ რჩევას მივცემდი მთავრობას - ნუ იქნებით სულსწრაფები, ნუ იქნებით პოპულისტები, ჯერ შეიმუშავეთ ქვეყნის ხანგრძლივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა და მერე მის თანმიმდევრულ ხორცშესხმას შეუდექით. გააკეთეთ ისე, რომ 5 წელიწადში უმუშევრობის შემწეობა ყიდვაუნარიანობით დღევანდელ 700 ლარს გაუტოლდეს, გააკეთეთ ისე, რომ საშუალო ხელფასი ყიდვაუნარიანობით საშუალო ევროპულ ხელფასს გაუტოლდეს. მერწმუნეთ, ეს გაკეთებადია, მაგრამ ამისთვის საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ძირფესვიანად შესაცვლელია.

მოვიყვან „მსოფლიო ბანკის“ ოფიციალურ მონაცემებს: მიმდინარე აშშ დოლარებში 2020 წელს აშშ-ში მშპ-ს კლება -2.32% იყო, საშუალოდ მსოფლიოში -4.50%, საქართველოში კი -9.07%. რაშია საქმე? რით ვართ სხვაზე უარესები? საქმე კი ისაა, რომ საქართველოში აბსოლუტურად განუვითარებელია კაპიტალური ბაზარი. არსებული ინფორმაციით, 2020 წელს სანედლეულო ბირჟებსა და ETF ფონდებში 10 ტრილიონი აშშ დოლარის დამატებული ღირებულება წარმოიქმნა და ზუსტად ასეთივე თანხა მსოფლიოში დაიხარჯა პანდემიასთან საბრძოლველად. მსოფლიო გლობალიზებულია და თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებსა და მანქანებს იყენებს, ჩვენ კი თამაშგარე მდგომარეობაში ვართ.

საქართველოს აქვს უნიკალური გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ადგილმდებარეობა, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ, მხოლოდ ვსაუბრობთ. თუ მართლა გვინდა რეგიონული ენერგეტიკული და ეკონომიკური ჰაბი გავხდეთ, სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი ეკონომიკური კანონმდებლობა, რომელიც დიდწილად „ბარენც ჯგუფმა“ და კორპორაცია Merrill Lynch-მა შეგვიმუშავა. ის საერთოდ არ ცნობს თანამედროვე ეკონომიკურ მანქანებს, როგორიცაა „ჰეჯინგი“, „ფიუჩერსული კონტრაქტი“, ETF ფონდი, კომპეტენტური პირი და მრავალი სხვა.

ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა ინიციატივაც უნდა გამოიჩინოს და სასწრაფოდ შექმნას ოქროს სტრატეგიული რეზერვი, რომელიც აშშ დოლარის გაცვლით კურსზე არ იქნება დამოკიდებული. ამის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, დავაფუძნოთ კავკასიის სანედლეულო ბირჟა და მეთვალყურედ, მაგალითად, CME ჯგუფი მოვიწვიოთ, რაც გაკეთებადია. თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია თანამედროვე ეკონომიკური ინსტრუმენტების არარსებობის პირობებში. დაფიქრდით, ბატონებო! ხომ არ შეიძლება, რომ ჩემმა მაგისტრატურისა თუ დოქტორანტურის სტუდენტებმა ამ ინსტრუმენტების შესახებ მრავალ ეკონომისტზე მეტი იცოდნენ“, - განაცხადა თვალჭრელიძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა