რა განსაზღვრავს საწვავზე არსებულ განსხვავებულ ფასს საქართველოს ბაზარზე?

„საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ მონაცემებით, დღეს საქართველოში 30–მდე ნავთობიმპორტიორი კომპანია ოპერირებს. მათ შორის არიან როგორც მსხვილი, ისე წვრილი და საშუალო ზომის კომპანიები. ბაზარზე საერთო ჯამში 1300–მდე მოქმედი ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს. საერთო რაოდენობიდან 700 ერთეული არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურია. რაოდენობრივი უპირატესობის მიუხედავად, არაბრენდირებული სადგურები ბრენდირებულს გაყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. გაყიდვების 60% ცნობილ, ბრენდირებულ კომპანიებზე მოდის, 40% კი – არაბრენდირებულზე.

როგორც „საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, აღნიშნული მონაცემები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ნავთობკომპანიების სექტორში დიდი კონკურენციაა.

„ზოგადად, საწვავის სექტორში ფასებით კონკურენცია მინიმალური ნიშნულებით გამოიხატება. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში საცალო ქსელში სხვადასხვა კომპანია 1 ცენტიანი სხვაობით ახდენს საწვავის რეალიზაციას. ფასთა შორის სხვაობა უმნიშვნელოა, თუმცა სწორედ ეს არის მწვავე კონკურენციის ნიშანი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ბრენდულ კომპანიებს შორის ფასთა სხვაობა 2–5 თეთრი არის ხოლმე,“ – განმარტავს ვანო მთავრალაშვილი.

წამყვანი ბრენდული კომპანიების პარალელურად ბაზარზე მომხმარებელს განსხვავებულ ფასს სთავაზობენ არაბრენდული ავტოგასამართი სადგურები. მათი შორის ფასთა სხვაობა რიგ შემთხვევაში 15–30 თეთრია. თუმცა როგორც საბაზრო წესები განსაზღვრას ფასი ყოველთვის მიღებული პროდუქტის ხარისხისა თუ მომსახურების ადეკვატურია. უფრო კონკრეტულად კი თუ რა განსაზღვრავს ფასთა სხვაობას ნავთობპროდუქტებზე ქართულ ბაზარზე თავად „საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი გვესაუბრება.

რა ძირითადი კრიტერიუმები განსაზღვრავს საწვავზე ფასის სხვაობას?

დღეს ქართულ ბაზარზე საწვავის რეალიზატორი კომპანიების სამი ძირითადი ჯგუფი შეგვიძლია გამოვყოთ. პირველი – ეს არის წამყვანი ბრენდული ნავთობიმპორტიორები, რომლებსაც ხარისხიანი საწვავი, გამართული ქსელი და მაღალი დონის მომსახურება აქვთ. ისინი მიწოდებული პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებელები არიან და ამ ხარისხისა და სტანდარტის დაცვაზე ზრუნავენ. ამ ჯგუფის ავტოგასამართ სადგურებზე ფასი ყველაზე მაღალია, თუმცა თითოეულ მათგანს ლოიალობის პროგრამა აქვს. საცალო თუ კორპორაციული ლოიალობის პროგრამაში ჩართვით ბარათის საშუალებით მომხმარებელი 10–25 თეთრიანი ფასდაკლებით იღებს საწვავს. მსხვილ კომპანიებს შორის დღეს არა მხოლოდ აბრებზე გამოტანილი ფასით, არამედ ლოიალობის პროგრამის ფასდაკლებებითაც დიდი კონკურენციაა. საბოლოოდ, ბაზარზე არსებული ხუთი წამყვანი კომპანიიდან თითოეული განსხვავებული ფასით სთავაზობს მომხმარებელს საწვავს. მათ შორის კონკურენციაა მომსახურების დონითაც, რაც გულისხმობს ქსელის გამართულობას, დიდ დაფარვას, სრულყოფილი მომსახურებას და სხვა დეტალებს, რომლებზეც არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურები თითქმის არ ზრუნავენ.

მეორე ჯგუფია არაბრენდირებული გასამართი სადგურები, რომლებიც ახლა მუშაობენ ქსელისა და ბრენდის შექმნაზე. ისინი ამ ეტაპზე ვერც სრულფასოვან მომსახურებას და ვერც სრულ დაფარვას სთავაზობენ მომხმარებელს, მაგრამ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ. აღნიშნული კომპანიები საკუთარ იმპორტს ახორციელებენ, თუმცა წამყვანი ბრენდებისგან განსხვავებით, მათ საწვავი ძირითადად თურქმენეთიდან შემოაქვთ. ამ ტიპის ავტოგასამართ სადგურებზე ფასი 10–15 თეთრით ნაკლებია, თუმცა ის ხარისხისა და მომსახურების შესაბამისია.

მესამე ჯგუფი კი ის ცალკეული ავტოგასამართი სადგურებია, რომლებიც არც განვითარებაზე ზრუნავენ, არც ლოიალური მომხმარებლების მოზიდვაზე და დიდად, არც ხარისხის კონტროლს აქცევენ ყურადღებას. მათ საკმაოდ მწირი ინფრასტრუქტურა აქვთ. საწვავს ადგილზე საბითუმო ბაზარზე ყიდულობენ. რიგ შემთხვევაში კი კონტრაბანდულ საწვავსაც ყიდიან. მათი საოპერაციო ხარჯი ძალიან დაბალია. მეორე ჯგუფის კომპანიებისგან განსხვავებით არც დამატებითი ინვესტიციის განხორციელებაზე ზრუნავენ და სწორედ ამიტომ მათი ფასი ბაზარზე ყველაზე დაბალია.

წამყვანი ავტოგასამართი სადგურების ფასების სხვაობას კონკრეტულად რა მიზეზები განსაზღვრავს?

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე ფასი მეტ-ნაკლებად ერთნაირია და ეს ლოგიკურია. თითოეული მათგანი საწვავს ყიდულობს Platts-ის ფასით, რომელიც საერთაშორისო მონაცემია. ხარჯის და შემდეგ უკვე ფასის სხვაობა შეიძლება მოგვცემს ლოგისტიკურმა მიმართულებამ. იმის მიხედვით თუ საიდან, ევროპიდან თუ რუსეთიდან შემოდის საწვავი, განსხვავდება ლოგისტიკური ხარჯი. კონკრეტული ფასთა სხვაობები შეიძლება მოგვცეს მარაგების შეძენის პერიოდებმაც. თითოეული კომპანია თვის განმავლობაში რამდენჯერმე ახდენს ნაშთების განახლებას და ეს შეიძლება სხვადასხვა ფასით მოხდეს.

ფასში სხვაობას გვაძლევს ის საკითხიც, კომპანიის მფლობელი ან ნაწილობრივი მფლობელი არის თუ არა ნავთობის რომელიმე გადამამუშავებელი ქარხანა. ქართულ ბაზარზე არსებული 5 წამყვანი კომპანიიდან „ვისოლის“ გარდა, სხვა ყველა კომპანიის მფლობელი ან თანამფლობელი საკუთარ გადამამუშავებელ ქარხანას ამუშავებს.

აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა ტიპის კომპანიაში საწვავის ფასი ხარისხის შესაბამისია. როგორ ხდება ხარისხის კონტროლი?

ზოგადად, რაც მეტი მომხმარებელი ჰყავს კომპანიას, მით მეტად არის დაინტერესებული მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებით. ასეა საწვავის ბაზარზეც. კომპანიები, რომლებსაც ბევრი და მათ შორის, დიდი წილი კორპორაციული მომხმარებელი ჰყავთ, მუდმივად ხარიხის დაცვაზე ზრუნავენ. მათთვის არსებული მომხმარებლის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს წამყვან ბრენდულ კომპანიებს აქვთ საკუთარი ლაბორატორიები, რომლებიც საწვავის ხარისხს ქარხნიდან ავტოგასამართ სადგურამდე რამდენჯერმე ამოწმებენ. შესაბამისად, ეს უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლამდე ისეთივე მაღალი ხარისხის საწვავი მივიდეს, როგორიც ქარხნიდან მოდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტრანსპორტირებისას საწვავის დაბინძურება და ხარისხის გაფუჭება ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა ევროპული ქვეყნები, საიდანაც ბრენდულ კომპანიებს საწვავი შემოაქვთ, თავისთავად უმაღლესი სტანდარტის საწვავს აწარმოებენ. შესაბამისად, ორი აზრი არაა, რომ ბრენდირებული კომპანიები ხარისხზე მუდმივად ზრუნავენ და მუდმივად აკონტროლებენ.

მეორე ჯგუფის კომპანიებიც ზრუნავენ ხარისხზე. ვერ ვიტყვით, რომ ის ცუდი ხარისხისაა, თუმცა ამ ეტაპზე ვერ უთანაბრდება ევროპულ საწვავს.

მესამე ჯგუფის ავტოგასამართ სადგურებში კი შეიძლება ითქვას ხარისხი უკონტროლოა. ისინი ყიდიან აღურიცხავ პროდუქტსაც, რომელიც აზერბაიჯანიდან დიდი გადამზიდი მანქანებით შემოაქვთ. ამას მასიური ხასიათი არ აქვს, თუმცა მსგავსი ფაქტები ნამდვილად ფიქსირდება.

საქართველოში თურქმენეთიდან არატრადიციული გზით მიღებული ბენზინი შემოდის. რა ტიპის საწვავია ის და რატომ ღირს უფრო იაფი?

მიმდინარე წელს საქართველოში 208 ათასი ტონა საწვავის იმპორტი სწორედ თურქმენეთიდან განხორციელდა. ეს საერთო იმპორტის 22%–ია. ამ ტიპის საწვავის (ბენზინი რეგულარი, A91) პოპულარობა მისი დაბალი ფასითაა განპირობებული. დაბალ ფასს კი შესაბამისი ხარისხი და შედარებით დაბალი ლოგისტიკური ხარჯი განსაზღვრავს, რადგან თურქმენეთიდან იმპორტი უფრო ადვილად ხორციელდება, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება