ანრი ოხანაშვილი - აშშ-ს საელჩოს პოზიცია შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებსაც - ოპოზიციამ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, ჩვენ მზად ვართ, პარტნიორებთან კონსულტაციისთვის

აშშ-ს საელჩოს არ უთქვამს, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, რომელიმე საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება - მათ აქვთ სურვილი, პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ინკლუზიურად, ოპოზიცია სრულად იყოს ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან არ გამოთქმულა მზაობა, რომ მხარეებს შორის დაწყებულიყო კონსულტაცია თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობას კონსულტაცია და კომუნიკაცია ექნება საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც ისინი გაცვლიან თავიანთ პოზიციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხის შესახებ.

„ჩვენთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება და განცხადებები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, ამ შემთხვევაშიც გვექნება კომუნიკაცია, როგორც აშშ-ს საელჩოსთან, ასევე ევროკავშირთანაც. ჩვენ არასდროს არ გავურბივართ რაიმე ტიპის კომუნიკაციას და კონსულტაციას. ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი შეფასებები. ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ ჩვენ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭირვალე, ხანგრძლივი მოდელი, სადაც საზოგადოება მონიტორინგს უწევს მოსამართლეთა არჩევის პროცესს, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მჭიდრო მხარდაჭერით და მასთან თანამშრომლობით განვახორციელეთ. სწორედ ეს რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ასეთ გამჭირვალობას, იქნა მოწონებული როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ს საელჩოს მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ამას ვაკეთებთ, არაფერს განსხვავებულს და განსაკუთრებულს მაშინ, როდესაც პარლამენტს სრული ლეგიტიმაცია აქვს.

ჩვენ ჯერ არ გვითქვამს კენჭისყრები როდის ჩატარდება, ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება გუნდში კონსულტაცია, ასევე გვექნება კონსულტაცია ჩვენს პარტნიორებთან, გავცვლით პოზიციებს. რა თქმა უნდა, მეც ვისურვებ, რომ პარლამენტში იყოს ჯანსაღი ოპონირება. აშშ-ს საელჩოს პოზიცია შეეხება ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, ვინაიდან, მათ ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ იმისკენ, რომ დაინტერესებულიყვნენ რას ვაპირებთ საბჭოში, ხომ არ დავიწყოთ კონსულტაციები თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ვისაც აქვს სურვილი პარლამენტში მუშაობის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით წინ წავიწიოთ, - ამიტომ, ეს განცხადება ასევე შეეხება ყველას, ეს არ არის სწორი მხოლოდ მმართველ პარტიასთან მიმართებაში. მოწოდება, რომ აირჩიეთ, სწორია, მაგრამ „ქართული ოცნება“ 83 ხმის ფარგლებში ვერ აირჩევს და უნდა იყოს შემხვედრი პოზიციები. მზად ვართ კონსულტაციისთვის. თუ შესწევთ უნარი შინაარსობრივად, მე მზად ვარ ნებისმიერ ოპონენტთან, სასამართლოს თემა იქნება ეს მართლმსაჯულების, არასდროს გავურბივარ ვინმესთან ოპონირებას. იმდენი რამ გვაქვს გაკეთებული, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი, რადგან მათ არ აქვთ სათქმელი. შემოთავაზების შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით, მზად ვართ, წარმოვადგინოთ და ვიმსჯელოთ. აშშ-ს საელჩოს არ უთქვამს, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, რომელიმე საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება. მათ აქვთ სურვილი, რომ პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ინკლუზიურად, ოპოზიცია სრულად იყოს ჩართული ამ პროცესში. ოპოზიციამ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ.

ამასთან საელჩო წუხილს გამოთქვამს, რომ დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აღნიშნავს, დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა