წელს პირველად, ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში ახალგაზრდული მუშაკების ეროვნული ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული ფორუმი არის ახალგაზრდობის სააგენტოს 3-წლიანი რეფორმის ერთ-ერთი სარეფორმო მიმართულების “ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვა და მხარდაჭერის” ნაწილი, რომელიც მიზნად ისხავს ახალგაზრდული საქმიანობისა და ახალგაზრდული მუშაკის პროფესიონალიზაციას.
ფორუმი გახსნეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა, ევროკავშირის “ტექნიკური დახმარება საქართველოში შრომის ბაზრის საჭიროებების შესატყვისი უნარების განვითარებისთვის” Skills4Jobs-ის გუნდის ხელმძღვანელმა დევიდ ჰენდლიმ, World Vision-ის წარმომადგენელმა ირაკლი გიორბელიძემ და SEU -ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ანა ფირცხალაშვილმა.
მათივე ცნობით, ფორუმის მიზანია თავი მოუყაროს ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდულ მუშაკებს, საინიციატივო ჯგუფებს, ასოციაციებსა და ინსტიტუტებს და მათთან ერთად აღნიშნოს საქართველოში ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობა და მიმდინარე პროცესები.
ამასთან, ფორუმის ფარგლებში, წელს პირველად გაიმართა წლის საუკეთესო ახალგაზრდული მუშაკების დაჯილდოება. საქართველოს 10 რეგიონიდან და თბილისიდან შერჩეულ, 11, წლის ახალგაზრდულ მუშაკებს სააგენტო მიმდინარე წლის ბოლომდე, 5 დღიანი სასწავლო ვიზიტით ესტონეთში გაუშვებს.
როგორც ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფორუმი და ახალგაზრდული მუშაკის დაჯილდოება არის შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკული ახალგაზრდული საქმიანობის პოზიტიური გავლენა ინდივიდუალურ, სოციალურ და ეროვნულ დონეზე. ახალგაზრდული საქმიანობა და ახალგაზრდული მუშაკები ქმნიან და უზრუნველყოფენ უსაფრთხო გარემოს, რომელშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ არაგანსჯად გარემოში შეიმეცნონ საკუთარი თავი, დასვან კითხვები, დააფიქსირონ კრიტიკული მოსაზრებები, იგრძნონ თავი დაფასებულად და მხარდაჭერილად.