მიხეილ სააკაშვილი - მე მართლაც მიყვარს უკრაინა, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო - ყოველ ღამე მესიზმრებოდა საქართველო, ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზო და სულ უფრო აუტანელი ხდებოდა განცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავ

მე მართლაც მიყვარს უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების 17 წელზე მეტი გავატარე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ძალიან მოყვარულ ოჯახში , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში რუსები ბევრ უძრავ ქონებას ყიდულობენ და ასევე, იყიდება ბევრი რუსული პროდუქტი, რაც უკრაინაში არ ხდება.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც მე მასწავლიდნენ ისეთი მასწავლებლები, როგორებიც იყვნენ გელა ჩარკვიანი, თამარა ჭავჭავაძე. მე ციხეში მივიღე წერილი, ჩემი პირველი მასწავლებლისგან, ნინელი თათარაშვილისგან და ასევე, კლარა ჩხაიძისგან, 51-ე სკოლაში, ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგან. არ დაგიმალავთ, რომ საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას. მე ვიცი, რომ გელა ჩარკვიანი იყო სიცოცხლის ბოლო დღეებში, ჩემი გათავისუფლების პეტიციის პირველი ხელმომწერი და, რა თქმა უნდა, მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე გონების დაკარგვამდე ცოტა ხნით ადრე. ესეც მძიმე დარტყმა იყო ჩემთვის. გელა ხშირად ამბობდა, რომ მე მის ცხოვრებაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. ვერ მომეცა საშუალება, რომ მენახა და მეთქვა, რომ ის ჩემი საუკეთესო მასწავლებელი იყო.

ყოველ ღამე მესიზმრებოდა საქართველო, ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზო, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდიოდი და სულ უფრო აუტანელი ხდებოდა განცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავ მე და ვკარგავთ ჩვენ, როგორც ქართველები. ჩვენი ერი კარგავს ჩვენს სამშობლოს. იცით, რომ 2008 წელს როცა რუსებმა შემომითვალეს, მეორე დილას შემოდიოდნენ თბილისში და მე და ჩემს ოჯახს უნდა დაეტოვებინა საქართველო. მათ დაბომბეს კოპიტნარის აეროპორტი, მათ დაბომბეს ბათუმის აეროპორტის მიდამოები, „თბილავიამშენის“ აეროპორტიც კი, ერთადერთი, რაც მათ არ დაბომბეს, იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ერთადერთი მიზეზით, რის გამოც მათ ეს არ დაბომბეს იყო მათი ულტიმატუმი - სააკაშვილი მოახტეს თვითმფრინავს და გაქუსლოს სადღაც უცხოეთში, თავის ახლობლებთან ერთად. არ დაგიმალავთ, რომ ზოგიერთი ამერიკელი მეგობარიც მირჩევდა, რომ ეს გამეკეთებინა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსები თბილისში შემოვიდოდნენ და განახორციელებდნენ იმას, რასაც პუტინი დაჰპირდა სარკოზის, ჩემი ერთი ადგილით დაკიდებას და ასევე, ჩემი ახლობლების განადგურებას.

გადაწყვეტილების მისაღებად, რა უნდა მექნა დამჭირდა 2-3 წუთი. ამ დროს ვფიქრობდი და გამახსენდა, რომ 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკური არმია თბილისში შემოვიდა, საქართველოს მთავრობა ჯერ წავიდა ბათუმში, შემდეგ სტამბულში და ბოლოს საფრანგეთში. მე ვიცი, რომ 10-20-30 წლის შემდეგაც უკვე ბებრები ისხდნენ და ლევილის მამულში არჩევდნენ ამ ძველ ამბებს იმ საქართველოზე, რომელსაც ვერ ნახავდნენ თავის ცხოვრებაში. მე ვიფიქრე, რომ არასდროს ჩემს თავს ამ სიტუაციაში არ ჩავიყენებდი. თბილისის დატოვება ჩემ მიერ ნიშნავდა თბილისში რუსული ჯარების შემოსვლას და თბილისში რუსეთის დროშის აფრიალებას, ეს იყო ამ ულტიმატუმის შინაარსი. ბათუმში რომ ვიყავი, დავდიოდი და ვხედავდი, რომ ძალიან ბევრი რუსი დადის. პროვინციელი, უჯიშო რუსები ყიდულობენ იმ ბინების 70 პროცენტს, რომელიც იქ შენდება. მე დავინახე, რომ ციხის მაღაზიაში ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება, ტელევიზორში ძალიან ბევრი რუსული არხია ქართულ ენაზე ნათარგმნი. არაფერი მსგავსი არ ხდება უკრაინაში, იქ ეს ყველაფერი აკრძალულია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო