მიხეილ სააკაშვილი - გლდანის დაწესებულებაში გონება მქონდა დაკარგული თითქმის 20 წუთი - კარგად მახსოვს, გულიკო ქილიფთარი ლოყაში მირტყამდა და მეუბნებოდა, არ მოკვდეო

ბედმა გამიღიმა, რომ ადვოკატების თანდასწრებით დავკარგე გონება და ბედმა გამიღიმა, რომ იმ დილას, როდესაც შემომხედა იქაური კონცლაგერის მთავარმა ექიმმა, ჩათვალა, რომ უკვე ვკვდები, ეს იყო გამიზნული მოსაკლავი აქტი , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

სააკაშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გონების დაკარგვის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, გულიკო ქილიფთარის ჩარევის გარეშე, ის დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.

„ჩემი ყველა მონაცემი - კალიუმის, ნატრიუმის იყო სასიცოცხლო ნიშნულზე ქვემოთ. ფეხები მქონდა დასიებული და პრაქტიკულად ვერ დავდიოდი, ვეღარც ვაზროვნებდი. მთავარმა ექიმმა რომ დაინახა ვკვდები, გამოიძახა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილი და გულიკო ქილიფთარი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. გულიკო ქილიფთარმა გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. გონება მქონდა დაკარგული თითქმის 20 წუთის განმავლობაში. ეს არის ძალიან დიდი ვადა, ამ დროს შეიძლება მოხდეს იშემიური ინსულტი, ტვინის სიკვდილი, გულის გაჩერება და ყველაფერი. ძალიან კარგად მახსოვს გულიკო ლოყაში მირტყამდა და თან მკოცნიდა, მეუბნებოდა არ მოკვდეო. დიდი მადლობა ამ კეთილშობილ ქალბატონს. სიტყვა „არ მოკვდე“ კარგად მახსოვს და ეს მაინცდამაინც კარგად გასახსენებელი არ არის. ამის მერე, იმის მაგივრად, რომ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია შეესრულებინათ, გამოაცხადა იუსტიციის სამინისტრომ, რომ მე ნორმალური მდგომარეობა მაქვს, ამიტომ მათი სპეციალისტები მოვლენ, აიღებენ ანალიზებს და გადაწყვეტენ გადასაყვანი ვარ თუ არა. დროის გაყვანა უნდოდათ, რომ მოვკვდე. ამის შემდეგ მოდის ჩემთან ამ დაწესებულების ერთ-ერთი ექიმი, წესიერი ადამიანი და მეუბნება, თუ გინდა გადარჩე, ანალიზების აღებას რომ შემოგთავაზებენ, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდე. ეს არის ნაღდი სიკვდილი. მთავარმა ექიმმა რომ შემომთავაზა ანალიზების აღება, უარი ვუთხარი არავის მივიკარებ-თქო და მომეჩვენა, რომ კმაყოფილი გაბრუნდა ამ პასუხით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, სამარცხვინო ფაქტი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თაფლის ბოთლები დათვალა და მთავრობა თვალს ადევნება რას ყიდულობდა ის ციხის მაღაზიაში.

„ამის მერე მოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, ბევრი ხალხიც იყო ქუჩაში და აი, ასე გადარჩა მთელი საზოგადოების მობილიზებით ჩემი სიცოცხლე. განზრახ მკვლელობა ხდებოდა წამების, არაადამიანური მოპყრობის ფონზე. აღარ ვლაპარაკობ ჩემი პირადი კადრების გავრცელებაზე, მუდმივ მოწოდებაზე, გაჟღერებული უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ, რომ დამემძიმებინა შიმშილობა. „კეთილი“ შემოთავაზება, რომ მე მაქვს თვითმკვლელობის უფლება, რომ შიმშილობის 41-ე დღეზე რატომ უნდა ვიცოცხლო. ასევე, ფსონების დადება სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ - 45 დღეს ვიცოცხლებდი თუ 49 დღეს. სამარცხვინო ფაქტი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თაფლის ბოთლები დათვალა, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობა ადევნებდა თვალ-ყურს რას ვყიდულობდი ციხის მაღაზიაში. ასეთი რაღაც დიდი ხანია აღარ ხდება არცერთ აფრიკულ ქვეყანაში. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს არაადამიანურ, ველურ ქვეყანაში. სხვათაშორის, არც თქვენს სათაყვანებელ რუსეთში ხდება და არც ბელარუსში, იქ რაღაც წესები მაინც არსებობს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა