ირაკლი ბერაია - მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ რეგიონებში ჰქონდეს წვდომა და ამისთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი და დანიშნულება შეაფასა და აღნიშნა, რომ მისია საერთაშორისო თანამეგობრობას ადგილიდან აწვდის ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„იმ მანდატიდან, ფუნქციიდან და პრიორიტეტიდან გამომდინარე, რაც სადამკვირვებლო მისიას აკისრია, დიდია ევროკავშირის როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში. ეს არის ერთადერთი სანდო, საერთაშორისო თანამეგობრობის მანდატით აღჭურვილი, ადგილზე მუდმივად წარმოდგენილი თვალი და ყური ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ვინც დეტალურ ინფორმაციას აწვდის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარედ უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას. მისიას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს, მათ შორისაა საკომუნიკაციო ფუნქცია და მისიის ცხელი ხაზი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინციდენტების დარეგულირებაში და აღმოფხვრაში.

მისიის მანდატით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობა იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ცეცხლის შეწყვეტის შესრულება გულისხმობს, ძალიან მნიშვნელოვანია. მისიის საქმიანობა დაკავშირებულია რისკებთან და საფრთხეებთან და გვახსოვს შემთხვევები, როდესაც საოკუპაციო ძალების მხრიდან მისიის წარმომადგენლების დაკავებაც მომხდარა, რაც ოკუპაციის მძიმე შედეგებს და მის თანმდევ პროცესებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. აუცილებელია მისიას წვდომა ჰქონდეს ოკუპირებულ რეგიონებში, რაც გათვალისწინებულია მისიის მანდატით და ამისთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას გამოვხატავთ ევროკავშირის და მისი მისიის მიმართ", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩს მარეკ შჩიგელს ევროპასთან ინტეგრაციის და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა