ეკატერინე ტიკარაძე - საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება - ამ ეტაპზე, საწოლფონდთან მიმართებით არანაირი დეფიციტი არ არის

საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება, ყველა პაციენტი იმართება კლინიკის დონეზე, ამ ეტაპზე არ არის არანაირი დეფიციტი საწოლფონდთან მიმართებით - ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურსს, ნებისმიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის მოძიებადი, მაგრამ ადამიანური რესურსი არის ის რესურსი, რომლის ერთ-ორ წელიწადში მოძიება ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას წესები.

„საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება, ყველა პაციენტი იმართება კლინიკის დონეზე, ამ ეტაპზე არ არის არანაირი დეფიციტი საწოლფონდთან მიმართებით. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, უკვე ორი წელია ჩვენი ექიმები გმირულად ებრძვიან პანდემიას და თითოეული მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურსს, ნებისმიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის მოძიებადი, მაგრამ ადამიანური რესურსი არის ის რესურსი, რომლის ერთ-ორ წელიწადში მოძიება ვერ მოხერხდება და მით უმეტეს ამ გადატვირთვის პერიოდში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ექიმების ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, აუცილებელია, რომ ქვეყანაში გააქტიურდეს 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრა.

ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ეს შეამცირებს, როგორც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვს, ასევე ახალი შემთხვევების რაოდენობასაც.

„პანდემიიის სამართავად გვაქვს რამდენიმე მთავარი ინსტრუმენტი: ეს არის გარკვეულწილად შეზღუდვები, ოღონდ ამაში არ ვგულისხმობ მკაცრ „ლოკდაუნებს,“ აქ არის წესები დადგენილი, რომელიც მნიშვნელოვანია დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ და მისი აღსრულების ხარისხი მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაღალ დონეზე აყვანილი და აცრები, რომელიც ასევე არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ იმის ანალიზს, რა განსხვავებაა საქართველოს მართვის ტიპსა და სხვა ქვეყნების მართვის ტიპს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ლეტალობა, თუნდაც ინფექციის გავრცელება, დამოკიდებულია იმაზე, რომ მნიშვნელოვანია აიცრას 60 წლის ზევით მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა. სხვა ქვეყნების მაგალითზე ეს არის 90%-დან 98%-მდე, ხოლო საქართველოში არის მნიშვნელოვნად დაბალი - დაახლოებით 30%-მდე, სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რეანიმაციაში, რაც აისახება ჩვენი მოქალაქეების ლეტალობის მაჩვენებელზე, რაც არის სამწუხარო. ახალი ინიციატივის თანახმად, რაც გულისხმობს ჩვენი პენსიონერი მოქალაქეების ფინანსურ წახალისებას, რომ აქტიურად ჩაერთო პროცესში, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევამციროთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც აისახება უკვე ლეტალობის მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებაზე. ის ქვეყნები, სადაც არის მხოლოდ 50%-მდე აცრილები, ისეთივე გამოწვევის წინაშე დგანან, როგორიც საქართველოა. ამიტომ ჩვენი სამიზნე უნდა იყოს 70-75% მოქალაქეების აცრა, სადაც მაქსიმალური წილი უკავია 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს