საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საპენსიო სააგენტოს შეხვედრაზე საპენსიო ფონდის აქტივების განთავსების პოლიტიკაზე ისაუბრეს

კერძო სექტორის საინვესტიციო შესაძლებლობები, კერძოდ, საპენსიო ფონდის აქტივების დაბანდების საკითხი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს განხილვის თემა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს 2023 წლიდან უფართოვდება კერძო სექტორში აქტივების განთავსების უფლება, რაც სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით პორტფელის დივერსიფიკაციის კარგ შესაძლებლობას იძლევა. საუბრის თემაც სწორედ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ინფორმირება და კანონდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების განხილვა იყო.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ გავაქტიურდებოდით კერძო სექტორთან მიმართებით და ეს არის პირველი ნაბიჯი. საკმაოდ კარგი ფორმატია, რადგან ბიზნეს ასოციაციაში ბევრი ქართული კომპანია შედის. ამ ეტაპზე ბანკებში ვართ მთლიანად ინვესტირებული, თუმცა ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ სხვა, მათ შორის, კაპიტალიზაციის ინსტრუმენტებს და პირველად ბაზარს. სწორედ ამის იმედი გვაქვს მეტწილად, რადგან მეორად ბაზარზე ლიკვიდურობა ძალიან დაბალია. ყველა ემისიას შევხედავთ და ყველა ბაზარზე გამოსულ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტს განვიხილავთ“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.

აღსანიშნავია, რომ საუბარი ასევე შეეხო ინფლაციის დონეს და იმ გამოწვევებს, რომელსაც იგი ქმნის დანაზოგებისთვის, თუმცა საპენსიო სააგენტოს დირექტორის, გიორგი დანელიას თქმით, „ამონაგები ინფლაციას აღემატება. ზოგადად მაღალი ინფლაცია ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ბუნებრივია, გამოწვევაა დანაზოგებისთვისაც, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს კლებას და როგორც შექმნის დღიდან დღემდე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამონაგები უფრო მეტი იქნება ვიდრე ინფლაცია“.

შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, გამოეხმაურა, რომელიც განხილვას ესწრებოდა.

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საპენსიო სააგენტოს შემოთავაზებას. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და ერთიანი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ საპენსიო ფონდის აქტივების დაბანდებაზე, რაც მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი წევრები დაინტერესდებიან აღნიშნულ პროცესში ჩართულობით, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა