ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე - „საპარტნიორო ფონდის“ იდეა კარგია, თუმცა საქმეს ვერ აკეთებს - თუ არ იქნება ნება, რომ ამ  სტრუქტურამ რაღაც რეალური გააკეთოს, სახელის გადარქმევას აზრი არ აქვს

„საპარტნიორო ფონდის“ იდეა ძალიან კარგია, თუმცა ფაქტია, რომ საქმეს ვერ აკეთებს - თუ არ იქნება ნება, რომ ამ სტრუქტურამ რაღაც რეალური გააკეთოს, სახელის გადარქმევას და სტრუქტურულ ცვლილებებს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ კუკულაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმა შეაფასა.

როგორც კუკულაძემ აღნიშნა, „საპარტნიორო ფონდის“ პოლიტიკა „გაუგებარი და უნაყოფოა“.

„ზოგადად, სახელმწიფო ინიციატივებს ეკონომიკური პოლიტიკის გატარებასა და სხვადასხვა სექტორის წახალისებაში, მივესალმები. შესაბამისად, მივესალმები „საპარტნიორო ფონდის“ იდეას. თუმცა ამ წლების განმავლობაში საკუთარი როლი, რაც მას შეიძლება ჰქონოდა, მაგალითად, მრეწველობის ან რეალური სექტორის განვითარების კუთხით, ფაქტია, ვერ შეასრულა. დღემდე, ერთადერთი, რაც საზოგადოებამ „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ იცის, მისი დირექტორებისა და იქ დასაქმებული ადამიანების მაღალი ხელფასებია, რაც, ჩემი აზრით, პირდაპირ ურტყამს ძალიან კარგ იდეას, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი“ ერქმევა, თუ სხვა სახელი, მნიშვნელობა არ აქვს. იდეა ძალიან კარგია, თუმცა ფაქტია, რომ საქმეს ვერ აკეთებს. წინა ხელმძღვანელის დროს იყო გარკვეული ინიციატივები, მართლაც რეალური, იგივე სხვადასხვა ფერმერული მეურნეობის განვითარების კუთხით, მაგრამ დღეს რას აკეთებს „საპარტნიორო ფონდი“, ამის შესახებ გარკვეული ინფორმაციები არის, თუმცა პოლიტიკა გაუგებარი და უნაყოფოა. იმ სექტორებში შედიან, რასაც თვითონ კერძო სექტორიც და ბიზნესიც თავისუფლად აითვისებდა. მაგალითად, სასტუმრო ბიზნესში, ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო „საპარტნიორო ფონდის“ ჩართულობა. თუ მსგავსი ინიციატივების არსებობა აუცილებელია, ზოგადად იმის გამო, რომ რასაც ბიზნესი არ აკეთებს, სახელმწიფომ გააკეთოს. ამ შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს მრეწველობის სხვადასხვა დარგების განვითარებაზე. თუ ჩვენი ეკონომიკისთვის მძიმე მრეწველობა უცხო ხილია, მსუბუქი მრეწველობის კუთხით შეიძლებოდა ინიციატივების გატარება, თუმცა ქმედითი არაფერი შექმნილა.

თუ არ იქნება ნება, რომ ამ სტრუქტურამ რაღაც რეალური გააკეთოს, სახელის გადარქმევას და სტრუქტურულ ცვლილებებს აზრი არ აქვს. თუ რებრენდინგი ნიშნავს იმას, რომ აპირებენ „საპარტნიორო ფონდის“ ამუშავებას, რომელსაც სახელად „საქართველოს განვითარების“ ფონდი ერქმევა, ეს მისასალმებელია. იდეა მშვენიერია, მექანიზმებიც აქვს ძალიან კარგი, რომ ამ ფონდმა იმუშაოს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. თუ მხოლოდ სახელს შეუცვლიან და არაფერს გააკეთებენ, ამაზე პროგნოზის გაკეთება არ შეიძლება“,- განაცხადა ზურაბ კუკულაძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება იგეგმება. როგორც მან აღნიშნა, „საპარტნიორო ფონდი“ უფრო თანამედროვე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს. მინისტრის განმარტებით, რეფორმის ფარგლებში შეიცვლება ფონდის მენეჯმენტ-სტრუქტურები.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი