ბადრი ჯაფარიძე - ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულოებში შეიძლება ვუწოდო „სპეცოპერაცია ბიუჯეტის გაძვრენის მიზნით“

მინდა გამოვეხმაურო ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულოებში, სადაც ოპოზიციური უმრავლესობა არის არჩეული ხალხის მიერ. ამ დამტკიცებას შეიძლება ვუწოდო მხოლოდ „სპეცოპერაცია ბიუჯეტის გაძვრენის მიზნით“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ეს ფაქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს, რადგან ხალხმა უარი უთხრა ძველ საკრებულოებს და ახალი საკრებულოები სწორედ იმიტომ აირჩია, რომ არ მოსწონდა წინა შემადგენლობა.

„მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებმა მაინც უნდა იცხოვრონ იმ შეხედულების მიხედვით, რომელიც გააჩნია უკვე გადარჩეულ საკრებულოს, მაშინ რაღა აზრი აქვს არჩევნებს? როდესაც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვენახა თუ როგორ შეიძლება „ქართული ოცნების“ მერმა იმუშაოს ოპოზიციურ საკრებულოსთან, მაგრამ მუშაობის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ ხელების გადაგრეხვა. ეს არის პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი? როდესაც ოპოზიციას უწოდებ მტერს, დესტრუქციულ ძალას, ეს არის კონფრონტაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამ მერმა უნდა იმუშაოს ამ საკრებულოსთან, ხომ არ გაქრება? როგორ უნდა იმუშაოს მერმა იმ საკრებულოსთან ნორმალურად და კონსტრუქციულად, როდესაც თავს მოახვიეს ის ბიუჯეტი, რომელსაც, შესაძლოა, ამ საკრებულოს მხარი არ დაეჭირა. ეს არის დემოკრატიის პრინციპი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არაკონსტრუქციულად იქცევა.

„მე მესმოდა „ქართული ოცნების“ სპიკერების განცხადება - „თქვენ ნახავთ, როგორი კონსტრუქციული ოპოზიცია ვიქნებით, როდესაც უმცირესობაში ვიქნებით“. ჩვენ ვნახეთ ახლა კარგი მაგალითი, თუ როგორ არაკონსტრუქციულად და კონფრონტაციულად მოიქცა „ქართული ოცნება“, როდესაც გააძვრინა ძალის გამოყენებით, ხელების გადაგრეხვის გზით ბიუჯეტი და ამავდროულად გამოიყენა ცესკოს თავმჯდომარე. ცხადია, რომ ცესკოს სხდომის გაწელვა იყო მიზანდასახულად. საუბარი იყო იმაზე, თითქოს კანონით გათვალისწინებულია, რომ წარმავალმა საკრებულომ დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს კანონით კი არ არის გათვალისწინებული, ეს არის კანონში არსებული ხვრელი, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული „ქართული ოცნების“ მიერ. „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთი ნაბიჯები არის მხოლოდ დაპირისპირების გაზრდისკენ.

არგუმენტად იმის მოყვანა, თითქოს ახალ საკრებულოს განზრახული ჰქონდა ბიუჯეტის ჩაგდება და ამის გამო აღმასრულებელი ხელისუფლება იმ მუნიციპალიტეტში ვერ იმუშავებდა, ეს არის სპეკულაცია. გაისად რა მოხდება? ახალმა მერმა ხომ უნდა შეიტანოს ბიუჯეტი? გამოდის, რომ თუ საკრებულო მერის მიერ შეტანილ ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, დაიქცევა მუნიციპალიტეტი, ეს არის ტყუილი. მერმა უნდა მოახერხოს, რომ დაარწმუნოს საკრებულო.

პოზიტიური დღის წესრიგის ერთადერთი სწორი გზა არის 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც უნიკალური მოვლენა იყო, როდესაც ნატო-მ თავის კომუნიკეში შეიყვანა და თქვენ მაინც ფეხქვეშ გათელეთ. მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ამ ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა