დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტის ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით, ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო - სააკაშვილი არ იცვლება

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლოს დარბაზში, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტის დარბაზად და ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით, ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო - მიხეილ სააკაშვილი არ იცვლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ „განახლებული სააკაშვილის“ წარდგენით, მოსახლეობაში განახლებული განწყობის შექმნა სურს.

„დღეს დარბაზი შედარებით მშვიდია, რაც განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზში არ არის. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება მაინც არ უწერია, როგორც გარეშე, ისე შიდა მტრისგან. მაგრამ უფრო მძიმეა დაპირისპირება და მტრობა, რომელიც ავტომატურად გარე ძალებსაც ახალისებს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილმა იმდენად გააბოროტა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ვერ ხვდებიან, ხელისუფლებას ებრძვიან, თუ საკუთარ საზოგადოებას.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტის დარბაზად და ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით, ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო. შედარებით გაწონასწორებული და არააგრესიული იმიჯი ნამდვილად უკეთესი ვარიანტია, თუმცა ესეც იმ თამაშის ნაწილია, რითაც სააკაშვილი ხშირად ერთობა და ცდილობს საზოგადოებას ამდაგვარად შეაჩეჩოს თავი. მიხეილ სააკაშვილი არ იცვლება და შესაბამისად, არ შეიცვლება საზოგადოების დამოკიდებულება და განწყობა მისდამი.

მათი მხრიდან ჯანდაცვის თემით სპეკულირება დასრულდა, არ გამოუვიდათ და დღეს რადიკალური ოპოზიცია ახალ გეგმაზე გადავიდა. განახლებული სააკაშვილის წარდგენით, სურთ, მოსახლეობაში განახლებული განწყობის შექმნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ეს გამოუვათ, რადგან მათი პოლიტიკური სპექტაკლები სერიებად აქვს ნანახი საზოგადოებას და არც ის იფიქროთ, რომ საზოგადოებას ამნეზია აქვს და არ ახსოვს ის, რაც დღესაც მძიმედ გასახსენებელია.

სააკაშვილის საქმე ჯანდაცვიდან სამართლებრივ ჭრილში დაბრუნდა და ეს არის ის გზა, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს