ხათუნა სამნიძე - საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დარჩეს იგივე რედაქციით, თუ „ქართულ ოცნებას“ მართლა არ აქვს რიგგარეშე არჩევნების შიში

საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დარჩეს იგივე რედაქციით, თუ „ქართულ ოცნებას“ მართლა არ აქვს შიშები რიგგარეშე არჩევნების, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას მმართველმა პარტიამ შესაძლოა, უწოდოს კეთილი ნება, მაგრამ ეს არის საერთო ოპოზიციური და სახელისუფლებო ინიციატივა, რომელსაც ხელს აწერს 90-ზე მეტი დეპუტატი.

„საკონსტიტუციო ცვლილებები არის ვალდებულება, რომელიც ავიღეთ მოლაპარაკებების პროცესში. ეს არის პირველი ნაბიჯი და შესაძლებლობა დეპოლარიზაციისა და დეესკალაციისკენ თუ ეს მართლა შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში.

თუ არავითარი შიში არ არსებობს და „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია იმაში, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, როგორც ამას თვითონ აცხადებს, არც არანაირი ცვლილება არ უნდა შევიდეს უკვე შეთანხმებულ ტექსტში.

და მესამე, თუ საუბარია რაიმე ტიპის ცვლილებაზე იმ რედაქციაში, რომელიც არის წარმოდგენილი და რაზეც ვართ შეთანხმებული, მისი შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ შეთანხმების საფუძველზე, როგორც ეს გავაკეთეთ, მაგალითად, გენერალური პროკურორის საკითხზე მოლაპარაკებების დროს. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ და გადავდგათ ნაბიჯი დეესკალაციისკენ და თუ ის თვლის, რომ რაიმე რედაქციული ცვლილებებია შესატანი, ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით და არა პირდაპირ ამ ცვლილების მეორე მოსმენით გადატანით. რა თქმა უნდა, ჩავარდება ასეთი ტიპის ცვლილებებით წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან“. როგორც მან აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ ჩანაწერი „მომდევნო არჩევნები“, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშია, ამოღებული იყოს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა