შალვა პაპუაშვილი - იმისათვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები მივიღოთ, საჭიროა პარტიები თანამშრომლობდნენ, უნდა იყოს არა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, არამედ თანამშრომლობა - ოპოზიციას ომი აქვს გამოცხადებული

საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარტიებს შორის აქტიური დისკუსია არ არის - არ ვიცით, მივიღებთ, არ მივიღებთ და თუ მივიღებთ, როგორ მივიღებთ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების არანაირი ვალდებულება არა აქვს და თუ ასეთი ცვლილებები იქნება მიღებული, ეს “ქართული ოცნების“ კეთილი ნება იქნება, ხოლო იმისთვის, რომ ასეთი ნება არსებობდეს, საჭიროა თანამშრომლობა პარტიებს შორის.

“ოპოზიცია თავად ამბობს, რომ როგორიც კი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, გავარდებიან ქუჩაში და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ, რაც არასერიოზულია. იმისათვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები მივიღოთ, საჭიროა პოლიტიკური პარტიები თანამშრომლობდნენ - უნდა იყოს არა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, არამედ თანამშრომლობა. ოპოზიციას გამოცხადებული აქვს ომი, მათ შორის ომი ქვეყნის წინააღდეგ იმ კუთხით, რომ ჩატარდა ორი არჩევნები და ხალხის არჩევანით არიან უკმაყოფილო. უკმაყოფილო არიან ქართველი ხალხით, რომ მანდატს არ აძლევენ და ცდილობენ მოიგონონ გზები, რათა ძალაუფლება რამენაირად დემოკრატიული გზისთვის გვერდის ავლით დაიბრუნონ. ჩვენ ვუსმინეთ მიხეილ სააკაშვილს თუ რას მისტირის ის - ენატრება პერიოდი როდესაც მას შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა, მაგრამ ხალხი მას ამ ძალაუფლებას არ აძლევს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება ამოქმედდება საარჩევნო ბარიერთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს და რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდეს. კობახიძის თქმით, მისი პოზიციაა, რომ ამოსაღებია არსებული ჩანაწერი “მომდევნო არჩევნები“, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშია ასახული.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სექტემბერში მიიღო.

პირველი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა