დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს

მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო - ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ინიციატივით მოეწყო.

საგანელიძის თქმით, ფონდის რეორგანიზაციის საკითხი ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობის შედეგად უნდა გადაწყდეს და ფართო კონსენსუსის საგანი და შედეგი უნდა იყოს.

„მსგავსი განხილვების ინიციატივა არის ძალიან კარგი და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია და ანალიტიკოსი ჩაერთვება ამ პროცესში. იმედი მაქვს, საპარლამენტო განხილვებიც მალე შედგება, რამდენადაც საკითხი, მოგეხსენებათ, უკვე არის საშემოდგომო დღის წესრიგში და სავარაუდოდ, მოკლე ხანში კანონპროექტის ვერსიასაც ვიხილავთ“, - აღნიშნა საგანელიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ფონდის დაფინანსების გზებსა და წყაროებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტორს განსხვავებული პოზიციები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ საკითხთან დაკავშირებით მთავრობაში ჯანსაღი მსჯელობა მიმდიანრეობს, რაც შედეგად სწორედ კონსესუსამდე მისვლის წინაპირობაა.

„ის რომ ეკონომიკის სამინისტრო ჰქონდა ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანის პოზიცია, ხოლო ამ აზრს ფინანსთა სამინისტრო არ იზიარებდა, მიმაჩნია ძალიან ჯანსაღი დუღილის პროცესად. მსჯელობების და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის შედეგად მივალთ სწორ გადაწყვეტილებამდე. პირადად მე ვფიქრობ, ფონდს აქვს საიმისო პოტენციალი, რომ საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე წარმატებით წარმართოს მანდატით განსაზღვრული საქმიანობა.

მთავარი იქნება ის, რა მანდატი განესაზღვრება ფონდს რეორგანიზაციის შედეგად, რა აქტივების მფლობელი დარჩება, ან დაუბრუნდება თუ არა სახელმწიფო საწარმოებში ფონდის მიერ ჩადებული სახსრები და სხვა“, - განაცხადა საგანელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, იზიარებს სავალუტო ფონდის მოსაზრებასა და რეკომენდაციას, რომ „საპარტნიორო ფონდი“ უნდა იმართებოდეს სრულიად სუვერენულად და დამოუკიდებლად, ანუ მთავრობის ჩარევის გარეშე. სადღეისოდ, ფონდის ბორდი დიდწილად მთავრობის წევრებისგან შედგება და სწორედ ბორდი ამტკიცებს პროექტებს.

საგანელიძემ მზადყოფნა გამოთქვა, მომავლშიც, ნებისმიერ გონივრულ ფორმატში განაგრძოს მსჯელობა და ფონდის რეორგანიზაციისა და შესაძლებლობების თაობაზე მოსაზრებების გაცვლა, მედიასთან იქნება ეს თუ სამოქალაქო სეტორის სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

აფბას ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, საჯარო განხილვების პროცესის დაწყების ინიციატივაზე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობის გამოხმაურება ცალსახად დადებითი ფაქტია.

“სამოქალაქო სექტორთან დიალოგში ფონდის აქტიური ჩართულობა და ექსპერტული წრისთვის სტრუქტურის მომავალთან დაკავშირებით თავიანთი ხედვის წარმოჩენა, დარწმუნებული ვარ, საკითხზე შემდგომ მსჯელობას კიდევ უფრო საინტერესოს, საქმიანს და საგნობრივს გახდის “, - აღნიშნა აფბას ხელმძღვანელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა