„ხულუტი“ ძეგლი, რომელიც აქტივიზმმა გადაარჩინა

30 ნოემბერს ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. „საყდრისის კომიტეტის“ აქტივისტებმა არქიტექტორ-რესტავრატორებთან ერთად, საზოგადოებას ხულუტის ციხე-დარბაზის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგები გააცნეს.

ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სექტემბრიდან დაიწყო და ამ დროისთვის ციხე-დარბაზი სრულად არის გაწმენდილი ნაყარი მიწა-ნაგავისგან.

„იმის გამო რომ VIII კოშკის მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, სამუშაოების დიდი ნაწილი სწორედ ამ კოშკზე მიმდინარეობდა; სპეციალური მეთოდით მოხდა კოშკზე არსებული ბზარის „ამოკერვა“ და გაწმენდის დროს აღმოჩენილი ავთენტური საფეხურების კონსერვაცია, ასევე დასრულებულია იატაკის მოწყობის ყველა საჭირო სამუშაოები. ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილებისთვის კოშკთან ასავლელ ბილიკზე დამონტაჟდა ლითონის მოაჯირი. არსებული ბზარების დამუშავება-“ამოკერვა“ მოხდა ციხე-დარბაზის მესამე კოშკზეც.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაწმენდითი სამუშაოების დროს ციხე- დარბაზში აღმოჩენილი იქნა ქვევრები, აგრეთვე სათავსო, რომელიც სავარაუდოდ დილეგს წარმოადგენდა და საბრძოლო შურდულის რკინის ბურთები. იმის გამო, რომ ხულუტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებულა, პროცესში შეიძლება ბევრი საინტერესო აღმოჩენის მომსწრე გავხდეთ” - აცხადებენ აქტივისტები.

ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო პროცესს წინ უძღოდა მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები; ძეგლის სკანირების შემდეგ ჩატარდა გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევა, ციხე-დარბაზი გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან და მოეწყო ძეგლამდე ასასვლელი ბილიკი, რაც ციხე- დარბაზის დათვალიერებას კიდევ უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

ყაფლან ორბელიშვილის მიერ აგებული 5 კოშკისგან შემდგარი 8 სართულიანი ხულუტის ციხე- დარბაზი, XVII საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება და ის ერთ-ერთი გამორჩეული და მდგრადი ციხე- დარბაზია საქართველოში.

პროექტის ღირებულება შეადგენს 776 000 ლარს. ვინაიდან ძეგლი კომპანია „RMG“-ის საწარმოო ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს აქტივისტებსა და კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „საყდრისის კომიტეტი“ ხულუტის ციხე- დარბაზს 2017 წლიდან იცავს და ის მეექვსე ძეგლია სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტივისტების ინიციატივითა და მონიტორინგით მიმდინარეობს.ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია