ადვოკატი - სამართალდამცველს უნდა ესმოდეს, რომ როცა პირი იმყოფება ჯიხურზე, არ დაესხას თავს - ბესიკ თამლიანმა პოლიციელი კი არ სცემა, პირიქით, განმუხტა სიტუაცია, დააწვინა ქვემოთ და შემდგომ გადმოხტა

ბესიკ თამლიანი არ აღიარებს მოცემულ ბრალს, მისი მხრიდან არანაირად არ დაირღვა არათუ პოლიციელის, არამედ ადგილზე შეკრებილი მოსახლეობის უფლება, - ამის შესახებ ბესიკ თამლიანის ადვოკატმა თეონა ქორიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, ბესიკ თამლიანის მხრიდან პოლიციელზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ეს მისი მხრიდან თავდაცვის მცდელობა იყო.

მისივე თქმით, ბესიკ თამლიანმა პირიქით განმუხტა სიტუაცია, სამართალდამცველი ქვევით დააწვინა და შემდგომ გადმოხტა.

„მშვიდობიანად გამოდიოდა და არათუ ვინმეს აღიზიანებდა, არამედ მშვიდობიანად მღეროდა, ხელში დროშა ჰქონდა დაჭერილი. პირი, რომელიც საზოგადოების რომელიმე წარმომადგენელს ხელს არ უშლის, წარმოუდგენელია როგორ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს სამართალდამცველებისთვის. ეს არ იყო არანაირი დარტყმა, ეს იყო თავდაცვა.

სამართალდამცველს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც პირი იმყოფება ჯიხურზე, არ მივიდეს მასთან და არ დაესხას თავს, ამით შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სხვას. ბესიკ თამლიანმა ის კი არ სცემა ან მსგავსი, პირიქით, განმუხტა სიტუაცია, დააწვინა ქვემოთ და შემდგომ გადმოხტა. ერთ-ერთი პოლიციელი ადიოდა ე.წ. წიწაკის სპრეით და თვალებში რომ მოხვედროდა რომელიმეს, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა. გამომდინარე აქედან, მისი მხრიდან არანაირ ძალადობას და ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, პირიქით შეიზღუდა მისი უფლებები და საფრთხეში ჩავარდა. ჩამოხტომისას პოლიციელმა ფეხი დაარტყა და ჯიხურის მინაც კი გატეხა”, - აღნიშნა თეონა ქორიძემ.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. ის მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე იყო ასული. სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, თამლიანი არ ჩამოდიოდა, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარედგინა, რაც ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთან, ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა