მიხეილ კალანდიას ადვოკატი აცხადებს, ზაზა სარალიძის მიერ გაჟღერებული შეწყალების თემა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის მიერ გაჟღერებული შეწყალების თემა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია. ამის შესახებ ზურაბ თოდუა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შეწყალება მკვლელობის აღიარებას ნიშნავს.

მიხეილ კალანდიას პირობებში აღიარება კი, მისივე შეფასებით, ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საჩივარზე უარის თქმას, რაც „ხელისუფლებას ევროპული მასშტაბის სამარცხვინო სასამართლო გადაწყვეტილებას აარიდებს“.

„რის სათქმელად მივიდა “TV პირველში” ზაზა სარალიძე ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ - მან ბევრი სასხვათაშორისო ილაპარაკა (მაგ. რომ იგი არ არის პოლიტიკოსი, და არის გლეხი, მაგრამ არავის არ მისცემს მისი გამოყენების შესაძლებლობას, რომ ხოჯევანიძისაგან გადაცემულ კონვერტში ფული კი არა პოლიციელების სია იდო, რომ ემუქრებიან, თურმე გამოძიების დაწყებას ითხოვენ რატომ გვითვალთვალებდითო მე და ხოჯევანიძესო და სხვა). მაგრამ, მთავარი რის სათქმელადაც იგი ამ ტელევიზიაში მივიდა, ორი რამე იყო: 1. რომ ხოჯევანიძემ მას კონვერტით გადასცა დასაკავებელ პოლიციელთა სია და არა ფული; 2. მიმართა პრეზიდენტს ხორავას ქუჩის საქმეზე გასამართლებულ პირთა შეწყალებაზე. ეს მეორე რამე პირველთანაა კავშირში და იგი მხოლოდ მიხეილ კალანდიას ეხება, რადგანაც გასამართლებული გ. ჯანაშია სახლშია უკვე ერთი წელია. გუგა ბარბაქაძეს არავინ ედავება მისი შვილის მკვლელობას. გიორგი მენაბდე ჯერ მხოლოდ ბრალდებულია. აი კალანდია კი ერთადერთია ამ საქმეზე ციხეში. მან სწორედ რომ სამჯერ ახსენა ხაზგასმით მიხეილ კალანდიას შეწყალების საკითხი (საფუძვლად იშველიებს - კაცმა არ იცის კიდევ იქ რა მოხდაო). ვის აწყობს მიხეილ კალანდიას შეწყალება. შეწყალება ნიშნავს მკვლელობის აღიარებას. მიხეილის პირობებში, აღიარება ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარზე უარის თქმას. მიხეილის მიერ სტრასბურგის საჩივარზე უარის თქმა კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია, რადგანაც ამ საქმეს ძალიან დიდი პერსპექტივა გააჩნია, რამეთუ მიხეილი ნამდვილად პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლია და მას განაჩენი სახელისუფლებო კაბინეტებში შეუდგინეს და არა იმ მოსამართლემ, რომელიც მთელი სხდომები facebook-ით ერთობოდა. აქედან გამომდინარე, მიხეილ კალანდიას შეწყალება მიხეილის თავისუფლებაზე მეტად სწორედ რომ ხელისუფლებას აწყობს. ვის შეეძლო ასეთი ხმაურით ამ თემის წამოწევა - მხოლოდ დაზარალებულს, რომელიც არ გამოთქვამს პრეტენზიას თუ პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს გადადგამს. მაგრამ ამას ყოველივეს წინ მიხეილის განცხადება უნდა უძღოდეს (აღიარებით და მონანიებით). რას მიიღებს ხელისუფლებისაგან პირი, რომელიც ამ თემას დაძრავს, ანუ ხელისუფლებას აარიდებს ევროპული მასშტაბის სამარცხვინო სასამართლო გადაწყვეტილებას. დიდი ალბათობით, სულ ცოტა, ხოჯევანიძის მიერ გადაცემულ კონვერტში მხოლოდ სია აღმოჩნდება, რასაც „დაადგენს გამოძიება“, - აღნიშნულია თოდუას განცხადებაში.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს.

"ტვ პირველის" ეთერში სარალიძემ აღნიშნა, რომ თავისი შვილის მკვლელებს დანაშაულს პატიობს.

„მე დღეს ის ბიჭები მეცოდებიან. ბოლო სასამართლოზე დავაფიქსირე და დღეს ღიად ვიტყვი - პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო. რატომ? - დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო 15 წელი?! განა მე ის ბავშვები არ მეცოდებიან ან მშობლები?! ბოლო სასამართლოზე ვთქვი, ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან სულ ყველა, გამოუშვან კალანდიაც, არ მიუსაჯონ. მკვლელები აღარ არიან ჩემთვის მნიშვნელოვანი, სიმართლე ითქვა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო