მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უკლებლივ ყველა სკოლა ახალი სტანდარტის მიხედვით ავტორიზაციას გაივლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უკლებლივ ყველა სკოლა ახალი სტანდარტის მიხედვით ავტორიზაციას გაივლის. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა.

გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ იქმნება რესურსცენტრების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები რეგიონულ დონეზე გახდებიან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები, ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც.

მისივე თქმით, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების გაძლიერება გაზრდის სკოლების მხარდაჭერასა და მათ ავტონომიას, რაც სკოლის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებსა და საგანმანათლებლო რესურსებს, მინისტრის თქმით, სამინისტრო უცხოურ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აქტიურად მუშაობს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე – ბოლო ორი თვის განმავლობაში შემუშავდა სახელმძღვანელოების შეფასების განახლებული კრიტერიუმები და დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოების კონცეფციაზე.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ 2021-22 სასწავლო წლიდან IX კლასის მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით უკვე სწავლობენ. მომავალ წელს კი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები X კლასის მოსწავლეებსაც ექნებათ.

„აღსანიშნავია, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის მიხედვით, გაძლიერდა საქართველოს ისტორიის სწავლება. თუ აქამდე საქართველოს ისტორია X კლასში მხოლოდ ინტეგრირებული იყო „ისტორიის მეცნიერების შესავალში“, მომავალი წლიდან საქართველოს ისტორიას მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოთი ისწავლიან. შედეგად, ჩვენი ქვეყნის ისტორიას ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე უწყვეტად შეისწავლიან. XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის სახელმძღვანელოები ეტაპობრივად განახლდება,“- განაცხადა ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ციფრული პლატფორმების განვითარების მხარდაჭერაზე, რომელთა მეშვეობით მოსწავლისა და მასწავლებლისათვის იქმნება ერთიანი სამუშაო-საკომუნიკაციო სივრცე. როგორც მან აღნიშნა, წამატებით მიმდინარეობს “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის პროცესი, რომელიც ნებისმიერ საგანში სწავლების მეთოდოლოგიას აუმჯობესებს და ახალგაზრდებს თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

„მაინკრაფტის გამოყენება სასწავლო პროცესში თამაშის ელემენტების შემოტანის შესაძლებლობას იძლევა, რაც სწავლებას სახალისოს ხდის, ხოლო მოსწავლეებს კი ეხმარება ისეთი ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა. მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესში Minecraft Education Edition-ის ტრენინგების ციკლი, რომლის მიზანია მაინკრაფტის მასშტაბური დანერგვისთვის ბაზის შექმნა. მინისტრის განცხადებით, მაინკრაფტის ლიცენზია ამ ეტაპზე ჩართული აქვს 117 300 მოსწავლეს.

აღსანიშნავია, რომ როგორც დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებების, ასევე, Minecraft Education Edition-ის დანერგვის მიმართულებით კორპორაცია Microsoft-ის ხელმძღვანელობამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არაერთხელ მისცა მაღალი შეფასება,“- განაცხადა ჩხენკელმა.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა