მიხეილ ჩხენკელი - უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა სტუდენტების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ეს არასწორი მიდგომაა

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის მთავარი პრინციპი შემდეგია - უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა სტუდენტების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული - ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის აკადემიური კუთხითაც, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა.

ჩხენკელმა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალ მოდელზე “მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა. როგორც მან განმარტა, პროექტი დასრულებულია და ახლა ხდება ფორმულის შეჯერება, თუ როგორ მოხდეს დაფინანსების განაწილება.

“დაფინანსების ახალი მოდელის მთავარი კონცეფცია არის საბაზო დაფინანსება. სახელმწიფო უნივერსიტეტებს ექნება საბაზო დაფინანსება, რაც გარანტიას იძლევა, რომ უნივერსიტეტებს ექნებათ ფინანსები, რომელიც მოხმარდება როგორც აკადემიური პროცესის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი პროცესის განვითარებას.

მთავარი პრინციპი შემდეგია - უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა სტუდენტების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის აკადემიური კუთხითაც. მოხდა ნიშნების ინფლაცია, ანუ გამოცდა აღარ გამოცდობს. რატომ? - იმიტომ, რომ ფაკულტეტი არ არის დაინტერესებული, სტუდენტი გამოცდაზე ჩაიჭრას, დაკარგოს სტუდენტი, რადგან ფაკულტეტის და უნივერსიტეტის კეთილდღეობა მიბმულია მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაზე. ეს არასწორი მიდგომაა. საბაზო დაფინანსება გარანტიაა იმ ფინანსური მინიმუმის, რომელიც საჭიროა უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის. ეს დაფუძნებული იქნება თვლად ინდიკატორებზე. შემდეგი ეტაპია დაფინანსების ფორმულის კონკრეტიკის გათვალისწინება. შეხვედრები გაიმართება რექტორთა ჯგუფებთან. შემდეგ ამას გავიტანთ რექტორთა საბჭოზე. პროცესში ჩართული იქნება პარლამენტი. გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა, რომ იმ კონკრეტულ ფორმულაზე შევჯერდეთ, რასაც გამოვიყენებთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ფორმულაში განსაკუთრებულად იქნება გათვალისწინებული როგორც სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების, ასევე რეგიონული უნივერსიტეტების სპეციფიკა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა