პროკურორი - სასამართლომ ჩათვალა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურდა ბრალდებული ბესიკ თამლიანის მიერ დანაშაულის ჩადენა

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოცხადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, - ამის შესახებ ბესიკ თამლიანის საქმის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განაცხადა.

როგორც ჟორჟოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მტკიცებულებებში მითითებული გარემოებები მათ შორის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებდა. "სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოცხადების შესახებ. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა როგორც ფაქტობრივი მტკიცებულებითი საფუძვლები, ისე ფორმალური საფუძვლები. მათ შორის, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ხოლო მტკიცებულებებში მითითებული გარემოებები მათ შორის, განსაკუთრებით ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე მიუთითებდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაზე და გამორიცხავდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახის, მაგალითად გირაოს გამოყენების შესაძლებლობას. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული უკვე არის სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც ბრალდებული მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის და იმ საქმეზე მის მიმართ ამ ეტაპზე გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება - გირაო, რაც როგორც ვხედავთ არ აღმოჩნდა საკმარისი შემაკავებელი რომ ბრალდებულს აღარ ჩაედინა მსგავსი ხასიათის ახალი დანაშაული“, - განაცხადა ჟორჟოლაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის გამოც ის შიმშილობას იწყებს.

ამასთან, ინფორმაციისთვის ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. ის მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე იყო ასული. სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, თამლიანი არ ჩამოდიოდა, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარედგინა, რაც ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს