კახა კალაძე -  „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო და არა ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს - კომპანიას 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა

„ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო. მე ენერგეტიკის მინისტრობის დროს, უარი ვთქვი კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაოს“ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რათა კომპანია ზარალზე არ წასულიყო, არის აბსურდი და ოპონენტების გამოგონილი ტყუილი.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ზოგიერთი ტელევიზიიდან და ოპონენტებისგან მოვისმინეთ სრული აბსურდი, რაც არ მიკვირს. მათი პოლიტიკური მდგომარეობა, თუ როგორ გამოიყურებიან, ამ განცხადებებშიც ჩანს. მერე უკვირთ, რატომ არიან ასეთ მდგომარეობაში და რატომ არ აქვთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ამ ადამიანების ყოველდღიურობა აგებულია სიცრუეზე და ხალხის შეცდომაში შეყვანაზე.

რაც შეეხება არსებულ დავას, თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ. აღნიშნული სარჩელი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, რითაც უკვე დადასტურდა, რომ კომპანიას ეს 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაფორმდა, უნდა მოეხსნას თუ არა ე.წ. გრიფით საიდუმლოს სტატუსი, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მისი მინისტრობის დროს არანირი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

კახა კალაძეს არანაირი „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესაც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ცნობილია, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა და საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული, ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა