ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლა არა მარტო სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“, არცერთი სხვა პოლიტიკური ძალის არ მინდა, რადგან ყველა გაგიჟდა ან გაგიჟდება, თუ ერთპიროვნული მმართველობით მოვიდა

ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მოსვლა არა მარტო სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“, არცერთი სხვა პოლიტიკური ძალის არ მინდა,, იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში ან გაგიჟდა ან გაგიჟდება, თუ ერთპიროვნული მმართველობით მოვიდა ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დაბრუნება.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მეტი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში კოალიციური ხელისუფლების ფორმირება.

„მეც კატეგორიულად არ მინდა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მობრუნება. ამას „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეუბნები პირდაპირ. ერთპიროვნულად მოსვლა არა მარტო სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ არ მინდა, არცერთი სხვა პოლიტიკური ძალის, იმიტომ რომ, ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში ან გაგიჟდა ან გაგიჟდება, თუ ერთპიროვნული მმართველობით მოვიდა ხელისუფლებაში, რადგან ჩვენ არ გვაქვს ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიც არის ეს დასავლეთის ქვეყნებში - იქაც კი კოალიციური მმართველობა არის გარანტი იმისა, რომ დემოკრატიის დარღვევა არ მოხდება. მე არ მეშინია სააკაშვილის, არც მაშინ მეშინოდა, როდესაც ხელისუფლებაში იყო, არც მაშინ, როდესაც ვებრძოდი და დღეს, რომ ბევრს ლაპარაკობენ და მე მაკრიტიკებენ, ან ვითომ სააკაშვილს აკრიტიკებენ - სად იყავით შემძვრალი, რომელ სოროებში, რომელ კულუარებში?! ვისაც გეშინიათ იმათ, ვერ გადაგაწყვეტინებთ საქართველოს ხვალინდელ დღეს, ვისაც არ გვეშინია, ისინი ვიბრძოლებთ“, - განაცხადა ბურჯანაძე.

რაც შეეხება გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოუხადოს ბოდიში გარდაცვლილის დედას, ირინა ენუქიძეს.

„კი, [უნდა მოუხადოს ბოდიში} და ალბათ მოიხდის კიდევაც, როდესაც ნაკლებად ემოციურ მდგომარეობაში იქნება. ის ტყუილია, ვინც ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი ჩემს ჯიბრზე ლაპარაკობს, რომ ვითომ ირინა ენუქიძეს შეხვედრაზე უარი ვუთხარი, ეს არის ტყუილი. ერთადერთი, რაზეც ქალბატონ ირინას ძალიან დიდი ბოდიშებით უარი ვუთხარი, ეს იყო პარლამენტის სხდომაზე დასწრება და გამოსვლა. შევუთვალე, რომ მაშინ სხვა დედებს რას ვერჩით, ვისაც იგივე პრეტენზია აქვთ და უბრალოდ ამას არ ითვალისწინებს რეგლამენტი, უნდა მაპატიოთ - მეთქი. ჩემი პირადი მდივანი მას პირადად ელაპარაკა, ჩემთან ტელეფონით საუბარი არ ისურვა და უთხრა, რომ ნებისმიერ დროს ქალბატონი ნინო მზად არის მოვიდეს თქვენთან, სადაც იტყვით და მოგიხადოთ ბოდიში, უბრალოდ ეს შეხვედრა არ შედგა. ერთადერთი იყო, რაც დღემდე მაწუხებს, ჩვენი საერთო ახლობლის დაკრძალვაზე უცებ დავინახე, რომ ქალბატონი ირინა იდგა ორ-სამ მეტრში, ნამდვილად ენა ჩამივარდა და არ ვიცოდი რა მექნა, რადგან მე ჩემი შვილი მედგა გვერდით. რანაირად უნდა მივტრიალებულიყავი ქალბატონი ირინასთვის, რა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი. ადამიანურად და პოლიტიკურადაც დავიბენი, თუმცა, იქვე ვთხოვე ახლობელს, რომ მილიონი ბოდიში მოეხადა ჩემგან“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა