რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ევროპული უსაფრთხოების პაქტთან დაკავშირებით წინადადების წამოყენებას გეგმავს, რომლის მიზანიც აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოების შეჩერებაა.
განცხადება რუსმა დიპლომატმა სტოკჰოლმში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრამდე გაავრცელა.
ეუთოში გამოსვლისას ლავროვმა აღნიშნა, რომ ევროპა ,,სამხედრო დაპირისპირების კოშმარს“ უბრუნდება და იმედოვნებს, რომ რუსეთის წინადადება ახალი ევროპული უსაფრთხოების პაქტის შესახებ გულდასმით განიხილება.
„სტრატეგიული სტაბილურობა სწრაფად ნადგურდება. ნატო უარს ამბობს კონსტრუქციულად განიხილოს ჩვენი წინადადებები დაძაბულობის დეესკალაციისა და საშიში ინციდენტების თავიდან აცილების შესახებ“, - განუცხადა ლავროვმა ეუთოს.
მისი თქმით, ამ ყველაფრის საპირისპიროდ, ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს უახლოვდება და კოშმარული სცენარი სამხედრო დაპირისპირებების შესახებ კვლავ ბრუნდება.
”ჩვენი მეზობელი ქვეყნების პლაცდარმად გადაქცევა რუსეთთთან დაპირისპირებისთვის და ნატო-ს ძალების განლაგება ჩვენი უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონებთან, კატეგორიულად მიუღებელია”, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.