პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია "საქართველოსთვის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრები 3 დეკემბერს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ და სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მიქელაძის თქმით, არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღმოჩნდა მზად მიეღო მათი წინადადება, რადგან მათთვის მიუღებელი იყო "საქართველოსთვის" ერთადერთი მოთხოვნა, რომ საკრებულოში არსებული ყველა კომისია თანაბრად გადანაწილებულიყო.

მისივე განცხადებით, არ აპირებენ "არავის სცენარში მონაწილეობის მიღებას".

„2021 წლის მუნიციპალური არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი, იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რომელიც ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის შემდგომ ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჩვენმა პარტიამ მოიპოვა მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან და წარმოდგენილები ვართ ადგილობრივ დონეზე საქართველოს ყველა რეგიონში და მთელ რიგ მუნიციპალიტეტში გვაქვს გადამწყვეტი ხმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ დაკომპლექტდება ეს საკრებულოები. ჩვენ ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დაგვაკისრა საქართველოს მოქალაქეებმა და ზუსტად გვესმის თუ რატომ მივიღეთ ასეთი მხარდაჭერა ოთხი თვის შექმნილმა პარტიამ. რადგან საზოგადოება ელოდება, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ ყოველთვის სახელმწიფოს და მოქალაქის ინტერესებიდან. საზოგადოება, ელოდება, რომ ყოველთვის ჩვენ შევძლებთ რაციონალური და სწორი ნაბიჯებით იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

ამიტომ, პირველი რაც გავაკეთეთ, იყო ის, რომ ჩვენ შევთავაზეთ როგორც „ქართულ ოცნებას“ ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი ცივილურ სამყაროში, დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და მიგვეღო ერთობლივი გადაწყვეტილებები, იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო, ჩვენ მზად ვიყავით სრულად უარი გვეთქვა ყველა თანამდებობაზე, რომელიც არსებობს საკრებულოში. რა თქმა უნდა და სამწუხაროდ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღმოჩნდა ამისთვის მზად, რადგან მათთვის მიუღებელი იყო ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოში არსებული ყველა კომისია თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო. სამწუხაროდ, ორივე პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა ამაზე. „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ და ღიად განაცხადა, რომ ის, რომ ისინი აპირებენ ინდივიდუალურად „მუშაობას“ ოპოზიციონერ დეპუტატებზე და ჩვენ, ყველამ ერთად, ვიხილეთ თუნდაც ჩვენი პარტიის სახელით შესული ერთი წევრის გადაბირება, მოსყიდვა და ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ როგორ მოხდა, რა გზით მოხდა ეს ყველაფერი. ფაქტი არის ის, რომ ეს ადამიანი აღარ არის ჩვენს რიგებში. აქვე უნდა ვთქვათ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაც, სამწუხაროდ, არც „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა ამ ყოველივესთვის მზად", - განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

მისი თქმით, ამის შემდეგ მმართველ პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზეს, რომ ყოფილიყვნენ საკრებულოების თავმჯდომარეები და თავიანთი პარტიების წარმომადგენლები მოადგილეები, რაზეც არცერთი პარტიისგან პასუხი ვერ მიიღეს.

"ამის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ და გადავდგით კიდევ ერთი რაციონალური ნაბიჯი და შევთავაზეთ, როგორც „ქართულ ოცნებას,“ ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მზად ვიყავით ყველა ასეთ მუნიციპალიტეტში დაგვესახელებინა ჩვენი კანდიდატები, რათა გაგვემარტივებინა მათთვის გადაწყვეტილების მიღება. ეს მოხდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „ქართულ ოცნების“ „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლები იქნებოდნენ მოადგილეები და დაგვეხმარებოდნენ ბალანსის დაცვა საკრებულოში, რაც არის ჩვენი ამომრჩევლის ძირითადი მოთხოვნა ჩვენდამი, სრულად ყოფილიყო დაცული საკრებულოში. სამწუხაროდ, ამ მეორე შემთხვევაშიც არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აღმოაჩნდათ საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაედგათ.

შეიძლება ითქვას, რომ ამის შემდგომ ვიხილეთ კიდევ უფრო უარესი გაგრძელება და 2022 წლის ბიუჯეტი „ქართულმა ოცნებამ“ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოიპარა, რადგან ეს ბიუჯეტი ბათუმის სინამდვილეში დაამტკიცა 2017 წლის საკრებულომ, რომელსაც ამის არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა. რომ ბათუმელებისთვის, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქალაქმა, რომ ეს ბიუჯეტი უნდა დაემტკიცებინა მრავალპარტიულ საკრებულოს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - მოჰპარა. როგორც ხედავთ, ბალანსის დასაცავად ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, არ შეგვიწყვეტია ამ ბერკეტების გამოყენება იმ ფონზეც კი, როცა "ქართულო ოცნება" ჩვენს წევრებზე ახორციელებდა მუდმივ და უპრეცედენტო ზეწოლას და გადაბირებას. ამ ბერკეტის გამოყენებას არ ვწყვეტთ ჩვენ ახლაც, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ არავის სცენარში მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა მიქელაძემ.

პარტია " საქართველოსთვის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ხვალ, ბათუმის ახლად არჩეულ საკრებულოს პირველ სხდომაში მათი პარტიის წევრები მონაწილეობას არ მიიღებენ.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ - პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრები ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ, არ მიიღებენ ამ ცირკში მონაწილეობას. და ჩვენ ვაძლევთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ თვითონ, ერთობლივად მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება საკრებულოს მუნიციპალიტეტის გამართულ მუშაობას, მათ თვითონ უნდა შეძლონ იმ გადაწყვეტილების მიღება, და აუცილებლად უნდა შეძლონ ერთად თანამშრომლობა ქალაქის უკეთესი დღისთვის. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას მათი ამომრჩევლისადმი და არა მარტო მათი ამომრჩევლისადმი. და ეს იქნება სრულად „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს