ბაჩო დოლიძე - სიმბოლურია, რომ სადაც არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა, პროტესტის ნიშნად ჩვენმა პარტიამ საკრებულოს სხდომა დატოვა, ეს არის ჯანსაღი პასუხი ბოიკოტის სახით

დღეს ძალიან სიმბოლური იყო, რომ სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს, პროტესტის ნიშნად ჩვენმა პარტიამ საკრებულოს სხდომა დატოვა - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

როგორც მან აღნიშნა, მომზადებულია კონკრეტული ინიციატივა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რაც უახლოეს პერიოდში იქნება გაჟღერებული.

„ამ ადამიანებმა დღეს არმისვლით გამოხატეს პროტესტი იმის წინააღმდეგ, რაც ხდება მათ მიმართ. ამდენი ხნის განმავლობაში ისტერიული ზეწოლა ხდება თითოეულ ადამიანზე, თუ ვინმე სადმეა დასაქმებული, ყველას ათავისუფლებენ სამსახურიდან. ძალიან ბინძური კამპანიაა, პირად ცხოვრებაში ჩარევა, „ფეისბუქის“ გამოყენებით ატვირთვა ინფორმაციის. ეს არ გაჩერებულა დმანისში და სამწუხაროდ, იმდენად ბევრი კერაა, რომ სათანადო ყურადღება ამ ეტაპზე ვერ დავუთმეთ, მაგრამ აუცილებლად გაკეთდება ბრიფინგი. არა მარტო დმანისში, ბათუმში რაც მოხდა, ვიცით, - იქ, სადაც ჩვენ უმრავლესობა გვყავდა, ყველანაირი მეთოდით, სუს-ის გამოყენებით ხდებოდა მცდელობა, რომ ნუგზარ ფუტკარაძე გადაებირებინათ, ფული შეეთავაზებინათ და საბოლოო ჯამში, მივიღეთ, რომ ადამიანი არის გარდაცვლილი. ეს არის მექანიზმი, თუ როგორ ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას „ქართული ოცნება.“

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ძალიან სიმბოლური იყო, რომ სადაც არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა, პროტესტის ნიშნად ჩვენმა პარტიამ სხდომა დატოვა. ტყუილად ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ ვცდილობთ რაიმე ტიპის დესტრუქციას, ეს არის ჯანსაღი პასუხი ბოიკოტის სახით. როგორ გავაგრძელებთ მოქმედებას, ამას რამდენიმე დღეში შეიტყობენ. ჩვენს ინტერესებში შედის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება ადგილობრივ დონეს, ჩვენ მივუბრუნდებით ამ საკითხს, ცოტა ინერვიულონ.

ჩვენი პროტესტი არ იქნება ერთჯერადი, პროტესტის რა ტაქტიკას ავირჩევთ, მალე გავხდით ცნობილს. ჩვენ ვამზადებთ ინიციატივას, ჩვენი ხედვა, სამოქმედო გეგმა გვექნება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, თუმცა, ამავე დროს ვაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები პარლამენტში, რა იქნება ბარიერის დაწევასთან მიმართებში, „ქართული ოცნება“ ბარიერს დაწევს თუ არა, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება თუ არა. არ ვჩქარობთ და ჩვენი საპასუხო რეაგირება იქნება გამომდინარე იქიდან, რას და როგორ გადაწყვეტს „ქართული ოცნება“. ჩვენი სამოქმედო გეგმა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს „ოცნება.“ დეკემბრის ბოლომდე თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი, დაველოდებით. „ქართული ოცნება“ უნდა ელოდოს საპასუხო რეაგირებას ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მე არ ვურჩევდი ასე აგდებული ტონით საუბარს“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს