დავით ნარმანია - „ინტერ რაო" ყოველთვის ითხოვს ტარიფის გადახედვას და გაზრდას, თუმცა მარეგულირებელი კომისია მათი დღის წესრიგით არ მუშაობს

ეს არ არის ბოლო ინსტანცია და მიღებული გადაწყვეტილება იქნება გასაჩივრებული, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოსთვის კომპენსაციის სახით „ინტერ რაო" სასარგებლოდ დაკისრებული 80 მილიონი აშშ დოლარის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ინტერ რაოს" მიერ ტარიფების გასაჩივრება ტარიფების დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლამ გამოიწვია.

„მარეგულირებელი კომისია 2014 წელს გადავიდა ტარიფის დადგენის ახალ ცივილურ მეთოდზე, როგორიც არის ევროპული ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია და უარი თქვა ტარიფების დადგენის იმ ძველ და მახინჯ ფორმაზე, რომელიც მემორანდუმების სახით არსებობდა. აქედან გამომდინარე ტარიფი ახალი მეთოდით იქნა დათვლილი. მაშინ რთული იყო პროგნოზირება იმისა, რომ მხარე გაასაჩივრებდა ამ საკითხს, თუმცა ეს იქნა გასაჩივრებული არბიტრაჟში, არბიტრაჟს ბოლომდე მიყვნენ შესაბამისი უწყებები, რა თქმა უნდა, მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო, თუმცა ნაკლები დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს არ არის ბოლო ინსტანცია და მიღებული გადაწყვეტილება იქნება გასაჩივრებული.

2014 წელს ახალი მეთოდოლოგიით დადგინდა ტარიფები. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მეთოდოლოგია არის ყველაზე გამართული და აპრობირებული მეთოდოლოგია. სხვების მიერაც ყოფილა გასაჩივრებული ამ მეთოდოლოგიით დადგენილი ტარიფები, თუმცა აქამდე ეს არავის მოუგია იმიტომ, რომ მარეგულირებელი კომისია ძალიან გამჭვირვალე მეთოდით კონკრეტული ფორმულებით ანგარიშობს ტარიფს სწორედ ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე.

„ინტერ რაო" ყოველთვის ითხოვს ტარიფის გადახედვას და ყოველთვის ითხოვს ტარიფების გაზრდას, თუმცა მარეგულირებელი კომისია "ინტერ რაოს" დღის წესრიგით არ მუშაობს, მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი, აქამდეც ჩვენი დღის წესრიგით და წესებით ვხელმძღვანელობდით და მომავალშიც ამით ვიხელმძღვანელებთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც ცნობილია, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა და საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული, ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს