პროკურატურა - მათ გასაგონად, ვინც დგას პროკურატურის მიმართ ორკესტრირებული პიარ კამპანიის უკან გვინდა ვთქვათ, რომ თითოეულ ყალბ ინფორმაციას პასუხი გაეცემა, შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი ფორმით

საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, პროკურატურის თანამშრომლებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებამ კონკრეტულ მედია საშუალებების მხრიდან სისტემატიური ხასიათი მიიღო.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე „ტვ პირველზე“ გასული სიუჟეტი გამოიყენა და „გადაცემაში გასული ყალბი ინფორმაცია კიდევ უფრო დაამახინჯა“.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ. პირველის“ ეთერში გასულ ყალბი და სუბიექტური ინფორმაციით გაჯერებულ მორიგ გადაცემას და ამ გადაცემის შემდგომ წამოწყებულ ორკესტრირებულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიმართ ხორციელდება.

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ბოლო სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, თუ რას ემსახურება „ტვ პირველის“ მიერ პროკურატურის თანამშრომლებზე მსგავსი გადაცემების მომზადება. მსჯავრდებულმა სააკაშვილმა პროცესზე, გადაცემაში გასული ყალბი ინფორმაცია კიდევ უფრო დაამახინჯა რითაც შეეცადა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მის დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო განხილვიდან, ყურადღების გადატანას სხვა გამოგონილ ფაქტებზე.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურა პირველად არ გამხდარა ცილისმწამებლური თავდასხმების სამიზნე და როგორც წესი, უწყების თანამშრომლების მიმართ მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ისეთი სისხლის სამართლის საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების შესაძლო დანაშაულებზე სამართალწარმოება იწყება ან მიმდინარეობს, რაც ცალსახად მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას.

ახლაც, როდესაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, სადაც პროკურატურა სახელმწიფო ბრალდებას უჭერს მხარს, ფაქტებით დადასტურდა, რომ პროკურატურის თანამშრომლებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებამ კონკრეტულ მედია საშუალებების მხრიდან სისტემატიური ხასიათი მიიღო. ასევე გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ აღნიშნული დეზინფორმაციის გამოყენებას სასამართლო პროცესზეც არ ერიდებიან კონკრეტული პირები, რაც ნათელს ხდის, რომ ეს ემსახურება ორკესტრირებულ პიარ კამპანიას პროკურატურის თანამშრომლების დისკრედიტაციის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირის დეკლარაციაში, რომელიც საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია დეტალურად და გასაგებად არის მითითებული განცხადებაში ნახსენები პირების და მათი ოჯახების საკუთრებაში არსებული ქონება და საკრედიტო ვალდებულებები, რაც რატომღაც ყოველთვის ხსენებული გადაცემის ავტორების ყურადღების მიღმა რჩება, ტელეკომპანია „ტვ. პირველი“ განზრახ, დამახინჯებულად ინფორმაციის გავრცელებას სისტემატიურად ახდენს, რაც მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიის კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა. ასევე ნათლად გამოჩნდა თუ რას ემსახურებოდა „ტვ. პირველის“ ხსენებული ყალბი გადაცემა, როდესაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე „ტვ. პირველის“ სიუჟეტიდან მოყვანილი ფრაზების კიდევ უფრო დამახინჯებული ვერსიის ციტირება მოვისმინეთ. ამ უკანასკნელმა მის გამოსვლაში ისაუბრა სახლზე, რომელიც თითქოს ირაკლი შოთაძეს აუშენებია, მაშინ როდესაც „ტვ. პირველის“ სიუჟეტშიც კი საუბარი იყო მხოლოდ გენერალური პროკურორის სახლის პროექტზე, რომლის მშენებლობა დაწყებულიც კი არ არის. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმდენად მყარია, რომ როგორც ჩანს მათ გადაწყვიტეს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ყალბი და დამახინჯებული გადაცემებით გადაფარონ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის დანაშაული და საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ სხვა მიმართულებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სიუჟეტის ავტორს შესთავაზა რეალობა გადაემოწმებინა, თუმცა მათ ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებიათ.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვსურს განვაცხადოთ, რომ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გადაცემის ავტორს სიუჟეტის მომზადების პროცესში შესთავაზა ინფორმაციის რეალობა გადაემოწმებინა და შესაბამისი კითხვებით მოემართა, თუმცა სამი დღის განმავლობაში გადაცემის ეთერში გასვლამდე მათ ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებიათ, რაც ცალსახად უსვამს ხაზს მათ არაობიექტურობას, ინფორმაციის ცალმხრივად და სუბიექტურად გაშუქების მოტივაციას რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას. სწორედ ამიტომ გადაცემის ავტორებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ ამ გადაცემაში არ დაფიქსირებულიყო მეორე მხარის პოზიცია და პასუხი გასცემოდა ნებისმიერ კითხვას, რომელიც შეიძლება მათ ჰქონოდათ გადაცემის თემასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ გვსურს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია საზოგადოებას, რომელზეც საუბარი არ მოინდომა "ტვ. პირველმა".

ეს მეორე სიუჟეტია, რომელიც მიუძღვნა "ტვ. პირველმა" ირაკლი შოთაძის მიწის ნაკვეთს სოფელ წავკისში. ორივე გადაცემაში მათ განზრახ არაერთი არასწორი ინფორმაცია გააჟღერეს, მათ შორის თითქოს ნაკვეთი, როგორ იყო შეძენილი არ ჩანდა და რომ თითქოს მას გაცილებით დიდი ნაკვეთი ჰქონდა ვიდრე დეკლარაციაში იყო მითითებული. ასევე მოვისმინეთ სპეკულირება, რომ ეს შენაძენი არა ხელფასით არამედ სხვა წყაროებით დაფინანსდა და სხვა მსგავსი არაერთი სიცრუე. ეს მაშინ როდესაც აღნიშნულ შენაძენზე მის საჯარო დეკლარაციაში დეტალური ინფორმაციაა მითითებული, საიდანაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ 1305 მ2 მიწის ნაკვეთი შეძენილი აქვს ბანკიდან აღებული მრავალწლიანი იპოთეკური სესხით. შესაბამისად იმ კითხვის დასმა, საიდან შეიძინა ირაკლი შოთაძემ ნაკვეთი არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ სიუჟეტი არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა. რაც შეეხება სიუჟეტის ავტორის კიდე ერთ მოსაზრებას თუ რა სახსრებით აპირებს აღნიშნულ ნაკვეთზე სახლის მშენებლობას, იმ სახლის რომელიც ბრალდებულმა სააკაშვილმა უკვე აშენებულად გამოაცხადა, ამაზე პასუხი მათ თავადვე სიუჟეტში ჰქონდათ, როცა 2021 წელს ირაკლი შოთაძის კუთვნილი დიდ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთის 155 000 ა.შ.შ. დოლარად გაყიდვის თაობაზე განაცხადეს. აღნიშნული ნაკვეთი ირაკლი შოთაძის ოჯახმა 2012 წელს შეიძინა 17 000 ა.შ.შ. დოლარად და იგი ირაკლი შოთაძის დედის საკუთრებაში იყო. 2018 წელს ნაკვეთი ჩუქებით გადაფორმდა მასზე თუმცა რატომღაც "ტვ. პირველმა" ყურადღება მხოლოდ დედის მიერ მიწის ნაკვეთის ჩუქებაზე გაამახვილა და ნაკვეთის შეძენის სხვა დეტალები მიჩქმალა, რათა საზოგადოებისთვის ცალმხრივი და მოდელირებული ინფორმაცია მიეწოდებინა.

ასევე, სიუჟეტის ავტორმა ამავე ხელწერით გენერალური პროკურორის მოადგილის გიორგი ბადაშვილის შესახებ გაავრცელა მიზანმიმართული ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს მას დედამ უყიდა მიწის ნაკვეთი საგურამოში, სადაც „სასახლის“ აშენებას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მათსავე სიუჟეტში გიორგი ბადაშვილის დედამ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ ქონება ეკუთვნოდა მას და მის შვილს რაიმე სახის თანამონაწილეობა შესყიდული ქონების თანხის გადახდისას არ ჰქონია, რომ ასევე მის მიერ ქონების შეძენა განხორციელდა გარდაცვლილი მშობლებისგან ბათუმში მემკვიდრეობით მიღებული სახლის რეალიზაციის შედეგად. რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის საინფორმაციო ბაზაში სიუჟეტის ავტორმა განზრახ მიჩქმალა აღნიშნული ინფორმაცია. ასევე მეტი სიმწვავის შესაძენად, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის მომზადებისას აერო გადაღების საშუალებით ზუსტად იყო ცნობილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა, განზრახ დაამახინჯეს რეალობა და გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ მიწა მდებარეობდა საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გვერდით, რაც არის მიზანმიმართული სიცრუე.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, გაბრიელ ბერი სალოსის ქუჩაზე თითქოს იგი ფლობს ხუთ საცხოვრებელ ბინას, ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს და მის ქონებრივ დეკლარაციაში გარკვევით წერია, რომ თბილისში იუნკერთა ქუჩაზე, ფლობს სამ ბინას, თითოეულს 44, 42 და 52 კვ.მ ფართით, რომლებიც მან 2015 წელს შეიძინა. 2013-2020 წლების დეკლარაციებში ასევე მითითებულია ინფორმაცია ორი საბანკო კრედიტის შესახებ, რომელიც საერთო ჯამში 140 000 აშშ დოლარის შეადგენს, რაც რატომღაც ვერ ამოიკითხა სიუჟეტის ავტორმა. რაც შეეხება 2021 წელს, დაბა წყნეთში მდებარე მიწის ნაკვეთში გადახდილი თანხის წარმომავლობას, დაინტერესებულ პირთათვის შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენილიყო, ინფორმაცია იმ პირის დანაზოგის შესახებ, რომელზეც როგორც თავად ამბობენ, მთელი ცხოვრება პროკურორია.

ამდენად ზემოაღნიშნულით ნათლად ჩანს რას ემსახურება „ტვ. პირველის“ მიერ გადაცემაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, პროკურატურის თანამშრომლების მიმართ, დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი ქმედებები მომავალშიც გაგრძელდება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეში ჩართული პროკურატურის თანამშრომლებისა და ხელმძღვანელების მიმართ, რათა ზემოქმედების მოხდენა სცადონ პროკურორებზე, საპროკურორო ფუნქციების განხორციელებისას. მათ გასაგონად ვინც დგას პროკურატურის მიმართ წამოწყებულ ორკესტრირებული პიარ კამპანიის უკან გვინდა ვთქვათ, რომ ვერანაირი ცილიმსმწამებლური კამპანია ვერ შეაფერხებს პროკურატურის საქმიანობას და მსგავსი თითოეული ყალბი ინფორმაციის გავრცელებას პასუხი გაეცემა, შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი ფორმით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს