ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ტექნოპარკში, საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა. აღნიშნული შეჯიბრი თავს უყრის ეკოსისტემის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა, მისასალმებელ სიტყვაში, სოფლის მეურნეობის დარგში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთ-ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა ჩვენი ახალგაზრდების ჩართვა სოფლის მეურნეობაში. ინოვაციების მიმართულება არის გზა, რომ ახალგაზრდები დავაინტერესოთ სასოფლო-სამეურნეო სექტორით და ამის მაგალითები უკვე გვაქვს; არის ბევრი სტარტაპი, მათ შორის წარმატებულიც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე კლიმატის ცვლილების პერიოდში. ეს საკითხი პარიზის კლიმატის შეთანხმების ბოლო შეხვედრაზე, გლაზგოშიც იყო აქტიურად განხილული. ყველა ქვეყანამ მკაფიო განცხადებები გააკეთა, დაისახა ამბიციური მიზნები და ვალდებულებები კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. კლიმატის ცვლილების შერბილება სასურსათო სექტორში ეფექტიანობის ზრდის პარალელურად, არ გამოვა ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე. აგროსასურსათო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზემოქმედია ბუნებაზე; ეს ყოველივე კი, შეიძლება გადაწყდეს ინოვაციებით, კვლევებით, აღმოჩენებით და სწორი მიგნებების სწორად დანერგვით. მინდა გისურვოთ წარმატებები; გვიგულეთ თქვენ მხარდამჭერად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა; ის მიგნებები, რომელიც იქნება წარმოდგენილი და აქვს პრაქტიკული გამოყენების შანსი, გვინდა, რომ სწრაფად იყოს გაზიარებული, ერთი მხრივ, მეწარმეების და ფერმერების მიერ, მეორე მხრივ კი, გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, თანამედროვე სოფლის მეურნეობას თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური ხედვა სჭირდება. მსგავსი ღონისძიებები კი, ახალგაზრდებს უჩენს მეტ მოტივაციას და, შესაბამისად, მათ ჩართულობას ზრდის, რაც დარგისთვის დიდი სიკეთის მომტანია.

5 დეკემბერს შეჯიბრის ეროვნული გამარჯვებული - „წლის აგროპრენერი“ - გამოვლინდება, რომელიც ფულად ჯილდოს, 2000 ლარს მიიღებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციისგან. Future Agro Challenge უკვე მესამე წელია საქართველოში ტარდება და მისი ორგანიზატორები არიან სტარტაპ ბიურო და აგროსოლუშენსი.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები არიან საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ლიბერთი ბანკი, მხარდამჭერები - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, DataFest Tbilisi, ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (MASHAV) და UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორია.

იხილეთ ვიდეო:ლევან დავითაშვილმა, ტექნოპარკში, საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა