მარიამ ჯიშკარიანი ფსიქოტროპულ მედიკამენტზე - მიხეილ სააკაშვილს ეს პრეპარატი საძილე ეგონა, მედიკამენტის მოხსნის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ნერვოლოგიურად, ლაბილურია, შესაბამისად, საჭიროა მკურნალობა. აღნიშნული განცხადება მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ჯიშკარიანის თქმით, გაეცნენ სამედიცინო ბარათს და მკურნალობის ტაქტიკას, თუ როგორი ტაქტიკაა უპრიანი, იმისათვის რომ ალაგდეს „ის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც კვლავ არსებობს და ის ემოციური ლაბილობა და პოსტტრავმული აშლილობის სიმპტომები, რომელიც საკმაოდ მწვავეა“.

მარიამ ჯიშკარიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დანიშნულ მკურნალობაზე და აღნიშნა, რომ თუ რატომ დაუნიშნეს ფსიქოტროპული მედიკამენტი სამედიცინო ბარათიდანაც არ ირკვევა.

მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს, მაგრამ მან იცოდა, რომ ეს პრეპარატი იყო საძილე. როდესაც ჩვენ მოვხსენით ეს პრეპარატი 27 ნოემბერს, მან მეორე დღესვე იგრძნო ცვლილება“, - განაცხადა „ემპათიის“ ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოატყუეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ის იღებდა პრეპარატს, მარიამ ჯიშკარიანმა ასე უპასუხა: „მე ვერ გეტყვით, ამაზე პასუხი, ალბათ იუსტიციის სამინისტროს ექნება - იყენებდნენ ამ პრეპარატს ზოგადად საძილედ თუ რაიმე განზრახვით? იმ ნერვოლოგიურ სიმპტომატიკაზე, რომელიც ამჟამად გამოვლენილია, ე.წ ვერნიკეს ენცეფალოპათია, შიმშილობის პერიოდში ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ეს პრეპარატები დანიშნულია საკმაოდ დოზირებით და ამან გამოიწვია ის, რაზეც საუბრობდა უკრაინელი ადვოკატი, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერც კი იცნო, იმდენად იყო შეცვლილი.

„პრეპარატის მოხსნის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და შეძლო სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. ამჟამად, რჩება ემოციური ლაბილობა, რაც დაკავშირებულია შიმშილობის შედეგებთან და არადროულ გადაყვანასთან კლინიკაში, შესაბამისად, მიადგა ზიანი, აღენიშნება ე.წ ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც თვალსაჩინოა. მე არ ვიცი ვისი პასუხისმგებლობაა, რომელი გაიდლაინებით ხელმძღვანელობდნენ. ზოგადად, როდესაც ციხეებში ხდება, ფსიქოტროპული პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენება ეს განიხილება როგორც ფსიქოფარმაკოლოგიური წამება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად იძლევა შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ გორის ჰოსპიტალიდან 1 კვირაში რუსთავის ციხეში გადაიყვანონ, ჯიშკარიანმა განცხადა, რომ ამის შესაძლებლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა. „გარდა იმისა, რომ საჭიროა მულტიპროფილური მკურნალობა, ასევე საჭიროა, მომდევნო ნეირორეაბილიტაცია, რომელიც არ ვიცი საქართველოში სად ტარდება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო