მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი - გადატვირთულია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები - ყოველდღიურად მძიმე პაციენტების შემოდინება ხდება

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის" კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განაცხადებით, ამჟამად კლინიკაში 150 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და მძიმეა.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კლინიკებში რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთულია.

„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში 150 კოვიდინფიცრებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის და მძიმე. არიან კრიტიკული პაციენტებიც, თითოეული მათგანის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა. ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებო და პროგნოზულადაც რთულია. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ, ზოგადად, კლინიკებში გადატვირთულია რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. ყოველდღიურად ხდება მძიმე პაციენტების შემოდინება. ჩვენ გვაქვს 17 საწოლიანი რეანიმაცია და პრაქტიკულად მუდმივად არის სავსე“, - განაცხადა მუმლაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ისევ მძიმეა.

„ამ ეტაპზე ასაკოვანი პაციენტების ლეტალობა სჭარბობს. ბოლო 2-3 კვირის მონაცემებით, ძირითადად 80 წელს გადაცილებული პაციენტების გარდაცვალება ფიქსირდება კლინიკაში. მიზეზი არის დაავადების მძიმედ მიმდინარეობა, ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის დაგვიანებული შემთხვევაც შეიძლება იყოს, ასევე ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება, რომელიც ასაკოვან ადამიანებს აქვთ“,- განაცხადა მუმლაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში შედარებით მოიმატა ვაქცინაციის რიცხვმა, თუმცა, ეს მაჩვენებელი მაინც არასაკმარისია.

„ძალიან დიდი პრობლემა ჩნდება მედპერსონალის გადაღლილობასთან და რესურსების ამოწურვასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მედპერსონალის ცვლა ვერ ხერხდება ქვეყანაში და არსად მსოფლიოში. კოვიდ პანდემიის დროს ერთი და იგივე ადამიანები ვმუშაობთ უკვე ამ პრობლემასთან წელიწად ნახევარზე მეტია“,-განაცხადა მუმლაძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან.

„ახლა ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყავნს ე.წ. ტვინდემიის განვითარება, თუკი რამდენიმე ვირუსული ინფექციის ზედდება მოხდება პოპულაციაში. ეს იქნება ძალიან რთული როგორც კლინიკური მიმდინარეობით, ასევე რესურსის თვალსაზრისით და დადასტურებული შემთხვევების ზრდასთან ერთად, სამედიცინო სფეროს კოლაფსსაც გამოიწვევს“, - განაცხადა მუმლაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს