მეუფე ნიკოლოზი - მიხეილ სააკაშვილმა აღსარება თქვა, ეზიარა, ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი - ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მეუფემ ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლო შეუსრულა.

მეუფე იმედოვნებს, რომ ეს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე კარგად იმოქმედებს.

„დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო. მას საიდუმლოება შევუსრულე. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას მიღებული არ ჰქონდა, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები, რომელზეც პირადად 2 საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო. 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევასრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება. ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება. ძალიან საინტერესო შინაარსის ლოცვებია და ორივეზე არის ერთდროულად ყურადღება გამახვილებული, ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. პირჯვარი უნდა გადავიწერო და გითხრათ, რომ ღრმად მწამს, ეს მის ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეუფე აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს.

„ძალიან დასუსტებული მომეჩვენა იმასთან შედარებით რაც იყო. ჯერ პირველად ვნახე, მეორეჯერ ციხეში ვაზიარე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან აღნიშნა, რომ საპატრიარქოს მხრიდან განცხადება მიხეილ სააკაშვილთან მის ვიზიტს კი არა, არამედ მის კომენტარებს მოჰყვა.

„მე საქმე გავაკეთე. 7-ჯერ ვაცხე ყოველგვარი კომენტარების გარეშე. კრიტიკას იმით ვუპასუხებ, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი და კომენტარს არ ვაკეთებ“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან განმარტა ისიც, რომ პატრიარქმა ადრე მიხეილ სააკაშვილის ლოცვა-კურთხევის უფლება მისცა.

„მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივიღე ის ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს“,-განაცხადა ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, რაც დრო გადის უფრო რწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია.

„რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. აღსარება თქვა და ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი, ახალი აღქთმის შვიდი საიდუმლოდან, ექვსი მასზე შესრულებულია და მეშვიდე ჯერ კიდევ ადრეა.

მე გახლავართ მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ ჩემს სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევის აღება არ შედის ჩვენს უფლება-მოვალეობებში. მე პატრიარქთან შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მივიღე ლოცვა-კურთხევა ეს ნიშნავს, რომ მაქვს უფლება სხვა წესებიც შევასრულო“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს