ზაალ უდუმაშვილი - საბჭოთა კავშირში ლენინის ბიოგრაფიას რომ გვაზუთხინებდნენ, ასე ავალდებულებენ მოსწავლეებს ივანიშვილის ბიოგრაფია დაიზუთხონ - ეს გასაკვირი არაა განათლების მინისტრისგან, რომელიც ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს

საბჭოთა კავშირში ლენინის ბიოგრაფიას რომ გვაზუთხინებდნენ, ანალოგიურად ავალდებულებენ მოსწავლეებს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია დაიზუთხონ, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი განათლების იმ მინისტრისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული.

მისივე თქმით, წიგნი მოსწავლეებს სთავაზობს ნარატივს, რომ 2008 წელს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, როგორც ამას ამბობდა რამდენიმე თანამდებობის პირი „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში.

„ეს არის თანამედროვე ისტორიის გადაწერის მცდელობა, მასში არის სწორედ ის ნარატივი, რასაც ვისმენთ 2012 წლის შემდეგ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ თითქოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომი. ეს ჩვენ მოსმენილი გვაქვს მათ შორის, პრეზიდენტისგან, პრემიერ- მინისტრისგან, შემდეგ იყო გადაკეთებული ეს ფრაზები. ეს არის ისტორიის გადაკეთების მცდელობა. ყველანაირად ცდილობენ, თუნდაც, ვარდების რევოლუციის მონაპოვარი რამენაირად დააკნინონ, სამაგიეროდ განადიდონ ბიძინა ივანიშვილი სასკოლო სახელმძღვანელოებში. საბჭოთა კავშირში ლენინის ბიოგრაფიას რომ გვაზუთხინებდნენ ხოლმე, ანალოგიურად ავალდებულებენ მოსწავლეებს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია დაიზუთხონ, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი განათლების იმ მინისტრისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს