კობა გვენეტაძე - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, მონეტარული პოლიტიკის პოზიცია ფასდება საპროცენტო განაკვეთით

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, მონეტარული პოლიტიკის პოზიცია ფასდება საპროცენტო განაკვეთით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდასა და განვითარებასთან ერთად ფულის მასა ნომინალურად ყოველთვის გაიზრდება.

„ხშირად ისმის კითხვები ფულის მასაზე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, თუ რა არის ფულის მასის ზრდის წყარო. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ როგორც ფისკალური სტიმულის ზომა, ასევე საბანკო დაკრედიტება. ორივე ფაქტორი ფულის მასის ზრდის წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ცხადია, ბიუჯეტის მიერ უფრო ნაკლები ხარჯვის და/ან ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით დაკრედიტების გაჩერების შემთხვევაში ფულის მასა უფრო მცირე მოცულობის იქნება, თუმცა, ასეთი პოლიტიკის გატარებით, ისედაც შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის პირობებში, 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა გაცილებით უფრო დიდი გვექნებოდა, ვიდრე -6.8%-ია.

ეკონომიკის ზრდასა და განვითარებასთან ერთად ფულის მასა ნომინალურად ყოველთვის გაიზრდება. თუმცა ფულის მასის ზრდის ტემპსა და გაცვლით კურსს შორის კავშირი, საუკეთესო შემთხვევაში, ცალსახა არ არის. მაგალითისთვის 2007-2008 წლებში, მიუხედავად ლარის გამყარებისა, ფულის მასა საშუალოდ 40%-ით იზრდებოდა, ხოლო 2015 წელს პირიქით - მიუხედავად ლარის გაუფასურებისა, ფულის მასა წლიურად 4%-ით შემცირდა. ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის ფულის მასის ზრდა-შემცირების დინამიკის მიხედვით შეფასება, შეცდომაში შემყვანი იქნება. ამიტომაც, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, მონეტარული პოლიტიკის პოზიცია ფასდება საპროცენტო განაკვეთით“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს წარადგენს. კობა გვენეტაძის თქმით ინფლაციისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, სავალუტო ბაზრის თემაც. აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლების ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ძირითადი ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რაც საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც გულისხმობს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ გასულ წლებში რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა. ყოველივე ეს ეროვნულ ბანკს, საჭიროების მიხედვით, სავალუტო ინტერვენციების განხორციელების და ამ გზით გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე ბიუჯეტის მაღალი დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური წნეხის ნაწილობრივ შერბილების საშუალებას აძლევს. 2020 წლის დასაწყისიდან, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 1 მილიარდ 207 მილიონი აშშ დოლარი მიაწოდა (მათ შორის 2020 წელს - 916 მლნ და 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 352).

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა