ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და თბილისის სახელით, კახა კალაძემ ევროპის საბჭოს კონგრესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

დედაქალაქის მერმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტები აღნიშნული მემორანდუმებით იღებენ ვალდებულებას, გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი საქართველოში ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებითა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირების საშუალებით. ხელი შეეწყოს უფრო ღია, ინკლუზიურ, მოქალაქეებზე ორიენტირებულ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ მმართველობას.

ხელმოწერის ცერემონია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სიტყვის დასაწყისში კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და თვითმმართველობების გაძლიერების პროცესში შეტანილი წვლილისთვის ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ვიმსჯელოთ უთანასწორობის შემცირებაზე და ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე ადგილობრივ დონეზე, დავსახოთ თანამშრომლობის რეალური გზები, რათა თითოეულ რეგიონში, თითოეულ მუნიციპალიტეტში ხელი შევუწყოთ მოწყვლადი ჯგუფების, თითოეული ადამიანის კეთილდღეობას, მათი უფლებების დაცვასა და უთანასწორობის აღმოფხვრას მათთვის ხარისხიანი მუნიციპალური სერვისების მიწოდებისა და ამ პროცესში ინკლუზიის კომპონენტის გათვალისწინების გზით. მოგეხსენებათ, პანდემიით გამოწვეული კრიზისი კიდევ ერთი საფრთხეა უთანასწორობის გაღრმავებისთვის, ამ თვალსაზრისითაც დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპის საბჭოსგან მიღებული კიდევ ერთი შესაძლებლობა კონკურსის სახით, რომელიც ეხება ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და პრაქტიკის ინტეგრირებას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამისთვის. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს, მიუხედავად რთული პანდემიური ვითარებისა, ჩვენ არ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა, მაგრამ ხშირი იყო ონლაინ ჩართვები და გარკვეული ნაბიჯები იდგმებოდა ყველა იმ მიმართულებით, რომელზეც მოხდა შეთანხმება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისი და სხვა მუნიციპალიტეტები ერთვებიან ევროპის საბჭოს პროექტში, რომელიც იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიის, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისთვის ადგილობრივ დონეზე.

„თბილისმა და სხვა მუნიციპალიტეტებმა, მოგეხსენებათ, გამოხატეს დაინტერესება და გავაკეთეთ განაცხადი ევროპის საბჭოს პროექტში - „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა თვითმმართველობებისთვის, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელონ სოციალური ინკლუზიის, თანაბარი შესაძლებლობებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მერობისა და ასოციაციის პრეზიდენტობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველო მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს მას. აღსანიშნავია, რომ ამჯერადაც, ამ პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას მნიშვნელოვანი როლი ექნება. დედაქალაქში განვახორციელეთ საინტერესო პროგრამები და დარწმუნებული ვარ, გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ეს ძალიან კარგი გამოცდილება გავუზიაროთ სხვა მუნიციპალიტეტებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე, ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: უთანასწორობის შემცირება და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა სხვადასხვა დონეზე კოვიდ-19-ისა და მის შემდგომ პერიოდში.

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, ღონისძიება ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

დღესვე, თბილისის მერი პირისპირ შეხვდა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა განმტკიცებას და ამ მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო